ახალი ამბები
პოლიტიკური პარტიების პლაკატები ქუთაისის მერიის თანამშრომლებს ჩამოახსნევინეს
FaceBook
ქუთაისში საარჩევნო-სააგიტაციო მასალები, საარჩევნო სუბიექტების ნაცვლად, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

არც თუ ისე მარტივი სამუშაო, რასაც პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა, ვალდებულების მიუხედავად, ყოველ არჩევნებზე არიდებს თავს, წელსაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი  შრომის შემსრულებლებს დაეკისრათ.
მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებში" დასაქმებულებმა შესაბამისი დავალება 10 დეკემბერს მიიღეს და  რამდენიმე ქუჩაც დაასუფთავეს. თავად თანამშრომლები  დავალებას არ ეთანხმებიან და პირად საუბრებში აცხადებენ, რომ ეს მათი ვალდებულება არ არის. მით უფრო, რომ მათ ამაში დამატებით თანხას არავინ უხდის. თუმცა, სამსახურის დაკარგვის შიშით ამაზე ღიად საუბარს ერიდებიან.

მერიის ააიპ "სპეციალურ სამსახურში" თანამშრომლებისთვის დამატებითი ვალდებულების დაკისრებას ქალაქზე ზრუნვით ხსნიან და აცხადებენ, რომ რადგან პოლიტიკურმა პარტიებმა თავიანთი ვალდებულება არ შეასრულეს, ქუთაისის მერია იძულებული გახდა სამუშაოები საკუთარი რესურსით შეესრულებინა. თუმცა, გადაუხდიან თუ არა თანამშრომლებს ამისთვის დამატებით თანხას, ეს ჯერ არ იციან.

"უფლება-მოვალეობის ნაწილში ეს არის გამიჯნული და ამის გაკეთება ჩვენ არ გვევალებოდა, მაგრამ რადგან პოლიტიკურმა პარტიებმა თავად არ ჩამოხსნეს, ამას მივეცით ერთგვარი აქციის ფორმა და დავასუფთავეთ ქალაქი.  რაც შეეხება დამატებით ანაზღაურებას, ფინანსურ ნაწილში  ვერაფერს გეტყვით ", - აცხადებენ ააიპ "სპეციალურ სერვისებში" .

მერიის ააიპმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.

"არასანქცირებულ ლოკაციებზე პოსტერების გაკვრა იმთავითვე წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტს, მაგრამ ვიმედოვნებდით პოლიტიკური პარტიები არჩევნების დასრულების შემდგომ თავად განახორციელებდნენ გაწმენდით სამუშაოებს, რაც აქამდე სამწუხაროდ არ მომხდარა. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან  გამომდინარე  და ამ კუთხით  დაწესებული შეზღუდვების გამო, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი რესურსებით განახორციელოს აღნიშნული სამუშაოები. ა(ა)იპ " სპეციალური სერვისები" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ქალაქის იერსახეზე ზრუნვას", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა საარჩევნო პლაკატებსაც მათ ნაცვლად დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ხსნიან, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ამბობენ, რომ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაიწყეს, თუმცა, დასრულება ვერ მოასწრეს.

"ამ კვირაში დავიწყეთ და ვერ დავასრულეთ. ალბათ, ვერ მოვასწარით. როდესაც ჩამოვალ, პირადად გადავუხდი მადლობას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს და რაც დარჩენილი იქნება, ჩამოვხსნით", - ამბობს პარტია "ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი.

არჩევნებიდან სამი კვირის შემდეგაც საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობას პანდემიით ხსნიან "ლეიბორისტულ პარტიაში".  პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კიკვაძე ამბობს, რომ ტრანსპორტის შეჩერების გამო ყველა ლოკაციაზე მისვლა ვერ მოახერხეს.

"ეტაპობრივად გვქონდა დაწყებული და ვაპირებდით სხვების ჩამოხსნასაც, მაგრამ კორონავირუსის გამო, ტრანსპორტის არარსებობის პირობებში ვერ მოვახერხეთ", - ამბობს ირაკლი კიკვაძე.

საკუთარი პლაკატები არ ჩამოუხსნია არც პარტია "ქართული ფესვების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნათია ჯიმშელეიშვილს. მისი თქმით, თავად და ორი თანამშრომელი, რომლებიც ამ საკითხებზე იყვნენ პასუხისმგებელი, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"მე და ჩემი ორი ტექნიკური თანამშრომელი ვიმყოფებით იზოლაციაში, ამიტომ ვერ მოვახერხეთ ჩამოხსნა", - განაცხადა ნათია ჯიმშელეიშვილმა.

საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით კი ჯარიმის რაოდენობა უნებართვოდ განთავსებული სააგიტაციო მასალის ჩამოუხსნელობის შემთხვევაში 50 ლარია, ხოლო იგივე მასალის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში არსებობის შემთხვევაში  - 1000 ლარი.





Print