ახალი ამბები
ბაღდათელი მეღვინის ციცქა-ცოლიკოური ჰოლანდიაში საუკეთესო ღვინოებს შორის მოხვდა
FaceBook
ბაღდათელი მეღვინის, ბაია აბულაძის მარნის ციცქა-ცოლიკოური ჰოლანდიაში საუკეთესო 103 ღვინოს შორის მოხვდა.

ღვინოების შესარჩევად კონკურსი ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა ჟურნალმა ჩაატარა. ამ ქვეყანაში ბაიას ექსპორტზე ღვინო ისედაც გაჰქონდა, თუმცა მისი ,,ციცქა-ცოლიკოურის" შესახებ ჰოლანდიელებმა სწორედ აქედან შეიტყობენ.

"კონკურსში მონაწილეობას იღებდა წითელი და თეთრი ღვინოები, მაგრამ ჩვენმა იმპორტიორმა გააგზავნა ქართული ქვევრის ღვინოები, მესამე ფერის კატეგორიაში. მათ განსხვავებული შეფერილობა აქვს და ამან თავისი შედეგი აჩვენა",- ამბობს ბაია აბულაძე.

ბაია ამბობს, რომ მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო ბიზნესს უჭირს, მისი მარნისთვის ჰოლანდიური აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შიდა ბაზარზე ღვინის რეალიზაცია შეუმცირდათ. 

,,პანდემიის ფონზე გაყიდვები შემცირდა, მაგრამ ამ დროს რეალურად შევეცადეთ გვეპოვა გზა ღვინის გასაყიდად ადგილობრივ ბაზარზე ონლაინ მაღაზიებისა და გაყიდვების მეშვეობით. ჩვენთვის რთულია ასეთ კონკურსებში მონაწილეობა გამომდინარე იქიდან რომ საკმაოდ დიდი თანხაა ხოლმე გადასახდელი, ამიტომაც ნაკლებად გვაქვს მსგავსი ჯილდოები. ეს კი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მეურნეობისთვის", - ამბობს ბაია აბულაძე.

კონკურსში წარმატების შემდეგ ის ჰოლანდიიდან დამატებითი შეკვეთების მიღებას ელოდება. თუმცა,  ბაიას მარისთვის ეს ქვეყნის ფარგლებს პირველი გასვლა არ იქნება. ჰოლანდიის ჩათვლით ბაღდათელი მეღვინის პროდუქცია მსოფლიოს ათ ქვეყანაში იყიდება.

ნახეთ რა გზა გაიარა ბაიას ღვინომ ევროპამდე  ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ სტატიაში - "ღვინის გზა" ობჩიდან ევროპამდე. 


ვტორი: ანა ჯიქია
Print