ახალი ამბები
პროტესტის 43-ე ღამე და რიონის ხეობის მოსახლეობა ნამახვან ჰესის წინააღმდეგ
FaceBook
რიონის ხეობის მცხოვრებლებმა გუშინ პროტესტის 43-ე ღამე გაათიეს  ღია ცის ქვეშ.

ადგილობრივები კვლავ ნამახვან ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და კომპანიას მოუწოდებენ ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანოს. თვენახევრიანი პროტესტის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები არ ხვდებიან.

რიონის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ 105 მეტრიანი კაშხალი, რომელიც ადგილზე უნდა აშენდეს, დაზიანების შემთხვევაში დატბორავს მათ სახლებს, მიწებსა და წინაპართა საფლავებს.  დაახლოებით 19 წუთში კი 34 მეტრიანი ტალღა გადაუვლის ქუთაისს. ადგილობრივები ასევე საუბრობენ კაშხლის უარყოფით გავლენის შესახებ კლიმატზე და ამბობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში, ხეობაში გაქრება უნიკალური ჯიშის ყურძენი, რაც მათ საარსებო წყაროს წარმოადგენს.

აქციის მონაწილეებმა დახმარებისთვის ამერიკის ელჩსაც მიმართეს და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. ჰესის მშენებლობის შესაჩერებლად გროვდება ხელმოწერებიც.

ადგილობრივების თქმით, მათ შიშებს ისიც ამძაფრებს, რომ კომპანია სამუშაოებს ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, არ აქვს არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ყველა ეს გარემოება კი ზრდის კაშხლების დაზიანების რისკებს.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

ადგილობრივების პროტესტს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას განცხადებით, ჰესთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მიღებულია და მოსახლეობის მღელვარება გადაჭარბებულია.


ამავე თემაზე:

პროტესტის 35-ე დღე და მიმართვა ამერიკის ელჩს - მოსახლეობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ

„გუბერნატორმა გადაგვაგდო“ – ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე ზვიად შალამბერიძე არ ჩავიდა

ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

"ეს, შეიძლება ითქვას, არის საუკუნის პროექტი" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობაზე

ღამისთევა რიონის ხეობის გადასარჩენად
Print