ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ საპრივატიზაციო ქონების გეგმა გაზარდა
FaceBook
ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის იანვრიდან ამ დრომდე ელექტრონული აუქციონიდან 2 მლნ 400 000 ლარის შემოსავალი მიიღო. მიღებული შემოსავლიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ამ დროისთვი უკვე 2 მლნ 200 000 ლარი არის ასახული. დანარჩენი თანხის ასახვა, როგორც მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი, დავით გოგრიჭიანი ამბობს, უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს. მერიის ქონების მართვის განყოფილებაში კონკრეტულად არ საუბრობენ, რა ქონების პრივატიზება მოხდა. 

მერიაში განმარტავენ მხოლოდ იმას,  რომ მიმდინარე წელს ქონების პრივატიზაციის გეგმა შესრულებულია. რის გამოც, 28 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმა 3 მლნ ლარამდე გაიზარდა.

"ქუთაისში ელექტრონული აუქციონი წარმატებით მიმდინარეობს. ელექტრონულ აუქციონებზე ობიექტები საწყის ფასთან შედარებით 4-ჯერ მეტად გაიყიდა. ეს კი ძალიან კარგია" , - განმარტა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

მურღულია ირწმუნება, რომ ქუთაისში ელექტრონულ აუქციონზე ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები არ გასხვისებულა, რომლებიც ქალაქისთვის შესაძლოა ზიანის მომტანი ყოფილიყო.
Print