ახალი ამბები
პირები, რომლებმაც "ინტელექსპრესიდან" ნახევარ მილიონამდე წაიღეს, დააკავეს
FaceBook
პოლიციამ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გაქურდვის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1984 წელს დაბადებული გ.მ. და 1966 წელს დაბადებული ს.ჯ. დააკავა.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკის ამოჭრის გზით შეაღწიეს კომპანია "მისო ინტელექსპრესის" ფილიალის საცავის ოთახში, სადაც, ლითონის საცავის კარის გაჭრით, ფარულად დაეუფლნენ თანხას და ოქროს ნივთებს.

სამართალდამცველებმა გ.მ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს, ხოლო ს.ჯ. ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე.

პოლიციამ გ.მ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი. ს.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღებულია: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები.

გ.მ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ს.ჯ.-ს მიმართ კი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დანაშაულები 3-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე :

ქუთაისში სეიფი მოიპარეს, რომელშიც ძვირფასეულობა და ნახევარ მილიონამდე ლარი იყო


Print