ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყო
FaceBook
ქუთაისში ახალი წლის სამზადისი დაიწყო.

უკვე დამონტაჟდა ნაძვის ხეები ქალაქის რამდენიმე უბანში. ჯერჯერობით არ დაწყებულა ქალაქის მთავარი ნაძვის ხის აწყობა.

წელს მერია საახალწლო აქსესუარებს შეზღუდული რაოდენობით იყიდის. "ქუთგანათების სერვისმა" ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულებიც გამოავლინა. სახელმწიფო შესყიდვების  ჯამური ღირებულება 207 777 ლარს შეადგენს, თუმცა, მერიაში ამბობენ, რომ პანდემიის გამო თანხა შემცირდება და დაგეგმილზე უფრო ნაკლებ ელექტრონათურასა და სხვა გასანათებელ მოწყობილობას შეიძენენ.

"პანდემიის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, შემცირდება ტენდერის თანხა და ნაკლებ რაოდენობას შევიძენთ", - ამბობს მერიის ააიპ "ქუთგანათების სერვისის" ხელმძღვანელი, მალხაზ ბასილაძე.

კონკრეტულად რა თანხას დახარჯავს ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ჯერჯერობით უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ დეტალები მომავალი კვირიდან, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ახალი მერი მუშაობას შეუდგება. ჯერჯერობით არც ის არის გადაწყვეტილი, გაიმართება თუ არა საახალწო ღონისძიებები.

ქუთაისელები საახალწლოდ განათებულ ქალაქს მხოლოდ 31 დეკემბრისა და 6 იანვრის ღამეს ნახავენ, როცა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.

ქუთაისის მერიამ შარშან განათების შესაძენად 100 000 ლარი დახარჯა.

Print