ახალი ამბები
ქუთაისის ბაზრები მომხმარებლის გარეშე (ფოტო)
FaceBook
მეხუთე დღეა საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს.

აკრძალვები განსაკუთრებით მტკივნეულად შეეხო რვა დიდ ქალაქს, სადაც სრულად აიკრძალა როგორც შიდა, ასევე, საქალაქთაშორისო რეგულარული მიმოსვლა. დაშვებულია მხოლოდ კერძო ავტომანქანით და ტაქსით გადაადგილება. დაიკეტა მოლები და დიდი სავაჭრო ცენტრები. მუშაობის უფლება მხოლოდ აგრარულ ბაზრებს მიეცათ, თუმცა, ტრანსპორტის აკრძალვის გამო, ბაზარში მომხმარებელი ვერ მიდის. პრობლემა ექმნებათ თავად ბაზარში დასაქმებულებსაც, რომლებსაც სამუშაო ადგილამდე მისვლა ფეხით ან ტაქსით უწევთ.

იმის გამო, რომ თვითდასაქმებულები ტრანსპორტით გადაადგილებას ვერ ახერხებენ, ბაზარში დახლების ნაწილი ცარიელია. მათ კი ვინც მუშაობას ახერხებს, მომხმარებელი არ ჰყავს. ამის მიუხედავად, ისინი ვალდებული არიან ყოველთვიური იჯარის თანხა მაინც გადაიხადონ. მათთვის ბაზრის ადმინისტრაციას შეღავათი არ დაუწესებია.

"ფეხით მოვდივარ ბაზარში, ექვსი გაჩერება უნდა გამოვიარო, რომ აქამდე მოვიდე. როდემდე შეიძლება ასე ვიყოთ?  ხალხი არ არის, მომხმარებელი ბაზრამდე ვერ მოდის, ტაქსი თუ დაიქირავა და იმაში გადაიხადა ფული,  პროდუქტები რითი იყიდოს? თვის ბოლოს იჯარა გვაქვს გადასახდელი. მეტრნახევრიან დახლში 300 ლარს ვიხდი, არავითარი შეღავათი არ გვაქვს ასეთი პირობების მიუხედავად. მეპატრონეც ცუდ დღეშია, იმასაც ჩვენს მიერ გადახდილი თანხიდან  შეაქვს საგადასახადოში ფული. ძალიან რთულ დღეში ვართ, როდემდე გავძლებთ არ ვიცით", - ამბობს ქუთაისის აგრარულ ბაზარში დასაქმებული მზიანა ქურასბედიანი.

მოვაჭრეებს შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ პროდუქტების მარაგი აღარ შეუვსიათ. ამბობენ, რომ თუ მომხმარებელი არ იქნება, მათი მუშაობაც აზრს დაკარგავს და ახალი პროდუქტის შემოტანა წამგებიანი იქნება.

"მწვანილს თუ დავამატებთ, თუ არა ყველას ძველი მარაგი გვაქვს და ამის ამოყიდვას ვცდილობთ. მერე რა იქნება არ ვიცით. ვერც ჩვენ დავდივართ ბაზარში ფეხით და ვერც მომხმარებელი. ტაქსის ფული კიდევ ყოველდღე არავის აქვს, ამიტომ ბევრს, ალბათ,  სახლში გაჩერება მოგვიწევს", -ამბობს   ქუთაისის აგრარულ ბაზარში დასაქმებული ნანი ლეჟავა.


მოვაჭრეები მომხმარებლის მოლოდინში

ბაზარში მომხმარებელი არ არის


მუშაობის პრობლემა არ შექნიათ გარემოვაჭრეებს, თუმცა, მომხმარებლის სიმცირეს ისინიც უჩივიან. იმის მიუხედავად, რომ ქუთაისში გარევაჭრობა აკრძალულია, თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ისინი არავის დაუჯარიმებია.

"იყვნენ მოსული და გვითხრეს, ამოყიდეთ ეს პროდუქტი რაც გაქვთ და მერე აღარ გამოხვიდეთო. შაბათ-კვირას ისედაც ვერ გამოვალთ, ყველაფერი ჩაიკეტება და იქნებ ამ დღეებში მაინც შევძლოთ რამის გაყიდვა. ხალხიც არ არის, ტრანსპორტი არ მუშაობს და ბაზარში ტაქსით სიარულის ფული არავის აქვს. ჩვენც არ ვიცით რა გვეშველება", - ამბობს ერთ-ერთი თვითდასაქმებული.



გარემოვაჭრეები მუშაობას შეზღუდვის გარეშე აგრძელებენ

ქუთაისში აკრძალულია ყვავილების ბაზრობაც. აქ ყველა დახლი ცარიელია. დაკეტილია ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები.


საქართველოს მასშტაბით ახალი რეგულაციები 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. შეზღუდვები 2021 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.


მთავრობის ყველა შეზღუდვა ნახეთ აქ.
Print