ახალი ამბები
ბაგრატის ტაძარი, შესაძლოა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში დაბრუნდეს
FaceBook
ბაგრატის ტაძარი, შესაძლოა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში დაბრუნდეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველო ახალ სანომინაციო განაცხადს წარადგენს. ბაგრატის კათედრალი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში უნდა დაბრუნდეს როგორც ქუთაისის ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის უნიშვნელოვანესი ნაწილი.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ბაგრატის ტაძარი დავაბრუნოთ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, ოღონდ სხვა ფორმატით, რადგან ის თავისი ფორმით იმ კრიტერიუმებს, რა კრიტერიუმებითაც იყო შეყვანილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, ვეღარ აკმაყოფილებს. ამიტომ სახელმწიფო დიდი ხანია მუშაობს იმ მიმართულებით, რომ გამოვავლინოთ ის ღირებული მახასიათებლები, რამაც შეიძლება პოტენციურად შეუქმნას საფუძველი ახალი ნომინაციის მომზადების",- ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა ვარძელაშვილი.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მოსახვედრად ათი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო. აქედან ექვსი კრიტერიუმი ღირებულებების გამომსახველია, ოთხი კი ბუნებრივი მემკვიდრეობის ნიშნების. ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო პოლონელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს.

მანანა ვარძელაშვილი ამბობს, რომ ეს მარტივი პროცედურა არაა. მაგალითად კოლხეთის ტყეების კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად მოსამზადებელი სამუშაოები ათი წელი გაგრძელდა. ძეგლი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტზე უკვე წარდგენილია, თუმცა, მისი განხილვა კორონავირუსის გამო გადაიდო.

,,პირველი ეტაპია წინასწარ ნუსხაში წარდგენა. ამ ნუსხაში ქვეყანამ უნდა წარმოადგინოს ის კონკრეტული კრიტერიუმები და გეგმა, რის საფუძველზეც უნდა შეიტანონ ძეგლი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ამიტომ, ახლა ვართ წინა მოსამზადებელ სამუშაოებზე. კონვენციის თანახმად,  იმისათვის რომ მოვამზადოთ ძეგლი წინასწარ ნუსხაში შესტანად, შეტანამდე არაუადრეს ერთი წლისა უნდა მოხდეს ნომინაციის განხილვა და ეს რა თქმა უნდა დროში განრძობითია, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბაგრატის ტაძარი აუცილებლად დაბრუნდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შორის",- განაცადა მანანა ვარძელაშვილმა.

ბაგრატის საკათედრო ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა. 2010 წელს კი ის იუნესკომ საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში მას შემდეგ გადაიტანა, რაც 2008 წელს ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. 2017 წელს კი Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდანაც ამოიღო.



ამავე თემაზე:

ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო

"ბაგრატს ნუსხაში ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ შევეცდებით, ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ იუნესკოს"


ავტორი: ანა ჯიქია
Print