ახალი ამბები
ქალები ქუთაისიდან - კატო მიქელაძის პრემიაზე ქუთაისიდან ორი კანდიდატი იყო წარდგენილი
FaceBook
2020 წლის კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი ქვიარ აქტივისტი, მარიამ ქაჯაია გახდა.

წელს კატო მიქელაძის პრემიაზე 13 ქალი იყო წარდგენილი.

მათ შორის ორი კანდიდატი ქუთაისიდან: იურისტი, ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე ნინო თვალთვაძე და „ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორი ნატალი პატარიძე.

პრემიაზე წარდგენა ორივე კანდიდატისთვის მოულოდნელი იყო. მათთვის ცნობილი არ არიან წარმდგენები. თუმცა ცნობილია და მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც ქალთა აქტივიზმი ქვია.

„ოცდამეერთე საუკუნეში ჯერ კიდევ მწვავედ დგას მსოფლიოში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა, ქართულმა პატრიარქალურმა სივრცემ გენდერული სტერეოტიპები ნორმად და ტრადიციად აქცია, ვფიქრობ რომ ქალთა აქტივიზმი და სოლიდარობა მნიშვნელოვანია პრობლემის აღმოსაფხვრელად", -  მიაჩნია ნატა პატარიძეს.

ნატალი ხაზს უსვამს გოგონათა განათლების მნიშვნელობას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რასაც გარკვეულწილად ემსახურება ის ცენტრი, რისი დირექტორიც ნატალი პატარიძეა. ორგანიზაცია 30 დასაქმებულ ქალს აერთიანებს.

ქალთა აქტივიზმისა და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის წახალისების აუცილებლობაზე საუბრობს ნინო თვალთვაძე. 

„ეს არ არის იმ კატეგორიის საქმიანობა, რომელიც კომფორტულია ან რომლისთვისაც ხშირად გაქებენ, ეს არის გამუდმებული ბრძოლა ძალიან ბევრთან, მათ შორის საკუთარ შინაგან სტერეოტიპებთანაც და რწმენებთანაც კი. ჩემთვის ორმაგად დიდი პატივი იყო ნომინირება აქტივისტებს შორის, რადგან ჩემი პოზიცია არასოდეს აღმიქვამს უფლებადაცვით საქმიანობად, შეიძლება იმიტომაც, რომ უმეტესად სწორედ სახელმწიფოსთან დაპირისპირება უწევთ აქტივისტებს, მაგრამ სახელმწიფოს შიგნითაც ბევრი რამის გაკეთება შეიძლება იმავე ღირებულებების დასამკვიდრებლად თუ ხელშესაწყობად. ამიტომ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ თანამოაზრეებმა თანამოაზრედ აღმიქვეს, ეს დიდი პატივი იყო“, - მიაჩნია ნინო თვალთვაძეს.

ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს დააწესა "კატო მიქელაძის სახელობის პრემია", რომელსაც ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადასცემს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში.






Print