ახალი ამბები
პროტესტის 35-ე დღე და მიმართვა ამერიკის ელჩს - მოსახლეობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ
FaceBook
დღეს, ნამახვანჰესის  მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობის მოსახლეობამ მორიგი აქცია გამართა.
ადგილობრივები ჰესის მშენებლობის შეჩერებას და კომპანია "ენკას" გასვლას მოითხოვენ. პროტესტის 35-ე დღეს მოსახლეობამ დახმარებისთვის ამერიკის ელჩს კელი დეგნანს მიმართა. აქციის მონაწილეებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები შეუერთდნენ.

"არ შეწყდება პროტესტი, ვიდრე კომპანია არ დატოვებს ხეობას. მათი განცხადება არის მიუღებელი. ჩვენი ხელისუფლება არის მხარე და არ იცავს მოსახლეობის ინტერესებს, ამიტომ დახმარებისთვის ამერიკის ელჩს მივმართავთ. დაინტერესდეს ჩვენი პრპტესტით და მოგვისმინოს. ჩვენ პროტრსტს არ შევწყვეტთ", - განაცახდა აქციის მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა.

სამოქალაქო მოძრაობამ რიონის ხეობის გადასარჩენად რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობის შესაჩერებლად ხელმოწერებიც შეაგროვეს.

სოფელ ნამახვანში 35 დღეა ადგილობრივები საპროტესტო აქციებს მართვენ. ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკის გაყვანის მოთხოვნით ადგილობრივები ღამეებსაც ათევენ.

,,ნამახვანჰესის" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით 19 ნომბერს ქუთაისში აქცია დაიწყო.

რამდენიმე კვირის წინ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროტესტის ნიშნად შეკრებილები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა.მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

Print