პოლიტიკა
ქუთაისში საარჩევნო უბნებზე სულ 5 საჩივარი დაიწერა
FaceBook
ქუთაისში, არჩევნების მეორე ტურზე, კენჭისყრის მიმდინარეობისას 5 საჩივარი დაიწერა.
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 5-ვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეკუთვნის.

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის თქმით, მათ კიდევ 10-მდე შენიშვნა დააფიქსირეს. 

,,ათამდე შენიშვნა დაიწერა უბნებზე და საჩივრების რაოდენობა გაიზარდა ხუთამდე. საჩივრებიდან ერთი ეხება წილისყრის პროცედურას, ორი გადასატანი ყუთის უბნიდან კანონდარღვევით გატანას, ერთი ჩანაწერთა წიგნის არასწორად შევსებას და ერთიც ხმის მიცემის ოროცედრის დარღვევას. ამომრჩეველმა სხვის გრაფაში მოაწერა ხელი",
- განაცხადა ზაალ გორგიძემ.


კენჭისყრის პროცედურა უკვე დასრულებულია და უბნებზე ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. აქედან, 7 სპეცუბანი. აქედან ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ექვსი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებს ემსახურებოდა. 

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 620-მა პირმა გამოხატა.

დღეს, იმერეთის ორ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ქუთაისში ასევე გაიმართა  მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური.

ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ ამომრჩეველთა ხმების 41,57% მოაგროვა, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ - 34,65 %.

50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 47,7% მიიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 30,63%.

,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ქუთაისში, გიგა შუშანიამ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს განაცხადა და მისი კანდიდატურა მოხსნა.

შუშანიას თქმით, არჩევნების პირველი ტური გაყალბდა.

საქართველოში პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობდა.
Print