ახალი ამბები
ISFED - ის ინფორმაციით უბნებზე ამომრჩეველთა მისვლას აკონტროლებენ
FaceBook
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნების ნაწილზე მმართველი პარტიის კოორდინატორები არიან მობილიზებული.

მათივე ინფორმაციით, მართალია ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობაა, მაგრამ კონკრეტული პირები მათ უბნებზე მისვლას აკონტროლებენ.

,,საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე შეინიშნება მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც ძირითადად სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ", - ნათქვამია ISFED - ის ოფიციალურ განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით დამკვირვებლებმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, ხმის რამდენჯერმე მიცემის, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის  ფაქტი დააფიქსირეს.  დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული ფაქტებიდან ქვეყნის ცხრა მუნიციპალიტეტთან ერთად, იგივე დარღვევები დაფიქსირდა ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებშიც.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდება.

21 ნოემბერს საქართველოში არჩევნების მეორე ტური ტარდება. საარჩევნო პროცესი განმეორებით იმართება 17 ოლქში. მათ შორის ქუთაისშიც, სადაც მაჟორიტართან ერთად ქალაქის მერსაც აირჩევენ.

საარჩევნო პროცესს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია და მეორე ტურში არ მონაწილეობას, თუმცა მათი კანდიდატები ბიულეტენებში რჩება.
Print