ახალი ამბები
ოპოზიციამ კომისიებიდან წარმომადგენლები გაიწვია - არჩევნების მეორე ტურამდე ოთხი დღე დარჩა
FaceBook
2020 წლის არჩვენების მეორე ტურის გამართვამდე ოთხი დღე დარჩა.

ქუთაისში განმეორებით ჩატარდება როგორც პარლამენტის, ასევე მერის არჩევნები. მეორე ტურისთვის ემზადებიან,,ქართული ოცნების" კანდიდატები.

,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ქალაქ მუზეუმისა და ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.


ოპოზიციამ კი საარჩევნო უბნებიდან წარმომადგენლები უკვე გაიწვია.

,,არანაირი წინაპირობა არ ყოფილა იმის, რომ მეორე ტურში მიგვეღო მონაწილეობა. ეს არის გაყალბებული არჩევნები და მონაწილეობას აზრი არ აქვს. ყველა ჩვენი წარმომადგენელი კომისიებიდან უკვე გამოწვეულია. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ცესკო-ს ახალი შემადგენლობით",- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ქუთაისში გიგა შუშანიამ.

ოპოზიციის გადაწყვეტილების მიუხედავად, ბიულეტენებში მათი კანდიდატების გვარები მაინც ჩაიწერება.

ქუთაისში, პირველ ტურში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ლომინაძემ 41,57% მოაგროვა, ,,ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძემ 34,65 %.

50%-იანი ბარიერი ვერც მერობის კანდიდატებმა გადალახეს. ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 47,7% მიიღო, ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 30,63%.

არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს, 21 ნოემბერს ჩატარდება. საქართველოს მასშტაბით არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური თბილისის 8-ვე ოლქში და რეგიონების 6 ოლქში გაიმართება.

2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი, შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას აძლევს. ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: - "გირჩი", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა" და "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები".

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და აქციებს მართავენ.


ავტორი: ანა ჯიქია
Print