პოლიტიკა
ოპოზიციამ უახლოეს დღეებში საპროტესტო აქციების გამართვა დაანონსა
FaceBook
ოპოზიციამ უახლოეს დღეებში სამი საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსა.
,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პირველი აქცია თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას გაიმართება, მეორე არჩევნების მეორე ტურის დღეს ანუ 21 ნოემბერს, მესამე კი მეათე მოწმევის პარლამენტის პირველი შეკრების დღეს.

,,ჩვენ, ყველა ქუდზე კაცი შევიკრიბებით აქ და მათ მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვ,  მათ მოუწევს ჩვენზე გადაბიჯება იმისათვის, რომ შევიდნენ აქ და ,,გაუპრავონ" ივანიშვილს ის, რაც მისთვის არ მიუცია ქართველ ხალხს,"- განაცხადა გიგი უგულავამ. 

არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიები 2020 წლის 31 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ცესკომ არჩევნები გააყალბა. ისინი უარს ამბობენ მანდატებზეც და პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. შესაბამისად, არ მონაწილეობენ მეორე ტურში.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, სახელისუფლებო პარტია მეორე ტურისთვის ემზადება და საარჩევნო კამპანიას განაგრძობს.

აქციების პარალელურად, მოლაპარაკებები დაიწყო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. 12 ნოემბერს ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართულ სამსაათიან შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრეს. მოლაპარაკების დეტალებზე შეხვედრიდან გამოსულებმა არ ილაპარაკეს, თუმცა, განაცხადეს, რომ მორიგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

Print