ახალი ამბები
ფუნქციაშეცვლილი და იძულებით შეჩერებული სარესტორნო მომსახურეობა - COVID-19-ის შედეგები
FaceBook
ქუთაისში, 50-მდე ბარ-რესტორნის წარმომადგენლები 8 თვეა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისგან თავის დასაღწევად თვითგადარჩენის გზებს ეძებენ.

ზოგმა დასაქმებულთა რაოდენობა შეამცირა, ზოგმაც კი ფუნქციონირება საერთოდ შეაჩერა.

ალექსანდრე მშვილდაძე ქუთაისში ორი რესტორნის ,,აგერ არი" და ,,ალმანოს" დამფუძნებელია. ალექსანდრე გვიყვება, რომ ობიექტები ამუშავებიდანვე წარმატებით ფუნქციონირებდა. ტურისტებიც საკმაოდ ჰყავდათ და ადგილობრივი მომხმარებლებიც. ​კორონავირუსის დაფიქსირებისა და შეზღუდვების დაწესების დღიდან მომხ
მარებლების შესანარჩუნებლად საჭირო გახდა ამ ობიექტებისთვის განკუთვნილი ეპიდრეგულაციების დაცვა.

"ალმანო" ორი თვეა დაკეტილია. იმის გამო, რომ ამ დაწესებულებაში დატვირთვა ძირითადად ღამის საათებში იყო, შეზღუდვების გამო სტუმრების გარეშე დარჩნენ.

,,პანდემიის დაწყების შემდეგ ორივეგან ჯერ მუშაობის შეჩერება მოგვიწია, შემდეგ ისევ დავიწყეთ ფუნქციონირება დეზობარიერებით, თერმოსკრინინგით და ა.შ. ამ ვითარებაზე მორგება არ იყო მარტივი, მაგრამ მოვერგეთ. ,,ალმანოში"კარაოკე საღამოები იმართებოდა. უფრო აქტიური დაწესებულება იყო. შეზღუდვების გამო ბევრი ადამიანის ერთად შეკრება არ შეიძლება, ამას დაემატა ისიც, რომ 10 საათისთვის უკვე დახურული უნდა იყოს რესტორნები. ამას ამ ბიზნესმა ვერ გაუძლო და იძულებული გავხდით დაგვეხურა. ეს შეზღუდვა მიტანის სერვისსაც აფერხებს და ღამის საათებში თავისთავად ვერ ვმუშაობთ. ,,ალმანოდან" თანამშრომელთა ნაწილი ,,აგერ არი"-ში გადავიყვანეთ, ნაწილი ადრე წავიდა სამსახურიდან", - ამბობს ალექსანდრე მშვილდაძე.

ბიზნესის გადასარჩენად მან და მისმა გუნდმა გადაწყვიტა ,,ალმანოს" დატვირთვა შეუცვალონ. ბარ-რესტორნის ნაცვლად მალე ისინი სწრაფი კვების ობიექტს გახსნიან.

კაფე-ბარი ,,ალმანო", რომელიც მალე ფუნქციას შეიცვლის და სწრაფი კვების ობიექტი გახდება

"გვერჩივნა, რომ დაწესებულებას იმ ფუნქციით და იმ დატვრითვით ემუშავა რაც იყო, მაგრამ არსებული მდგომარეობა სხვა საშუალებას არ იძლევა. ასე შევეცდებით არ დავტოვოთ უმუშევრად ჩვენი თანამშრომლები და როგორმე მოვერგოთ სიტუაციას,"- ამბობს ალექსანდრე.

კორონავირუსით გამოწვეული კრიზის დასაძლევად სასტურმოების, რესტორნებისა და ტურისტულ საქმიანობაში ჩართული სფეროს წამრომადგენლებისთვის ქონების და საშემოსავლო გადასახადები მარტიდან პირველ ნოემბრამდე გადაუვადდათ. რესტორნების დამფუძნებლი ამბობს, რომ ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამიდან საშემოსავლო შეღავეთებმა საქმიანობაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა უმჯობესი იქნებოდა ცვლილება დღგ-ს ნაწილსაც შეხებოდა.

,,დიდად ეფექტური არ იყო, თუმცა გასათვალისწინებელია ზოგადად ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში. ქვეყნის უარყოფითად აისახა. დღგ-ს ნაწილში რომ უფრო ყოფილიყო შეღავათები აჯობებდა,"- ამბობს ალექსანდრე მშვილდაძე.

მთავრობა ახლა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მეოთხე ფაზაზე მუშაობას იწყებს. კონკრეტული დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით უახლოეს დღეებში დაიწყება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად მოხდეს გამოსავლის პოვნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას და შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები.

სამომხმარებლო სფეროში ჩართული ბიზნესობიექტების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად ეპიდსიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, ამიტომ როგორ და რა პირობებში მოუწევთ მუშაობის გაგრძელება წინასწარ პროგნოზებს ვერ აკეთებენ.


ავტორი: ანა ჯიქია
Print