ახალი ამბები
პროტესტის მე-20 დღე - ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე ადგილობრივებმა გზა ჯაჭვებით გადაკეტეს
FaceBook
სოფელ ჟონეთთან, მამაწმინდის ხიდზე უკვე 20 დღეა ადგილობრივები თურქულ კომპანიას ჰესის სამშენებლო სამუშაოების სრულყოფილად წარმოების საშუალებას არ აძლევენ.

დღეს, ჰესის მოწინააღმდეგეებმა ის ხიდი გადაკეტეს, სადაც კომპანია "ენკას" ტექნიკა გადაადგილდებოდა. აქციის მონაწილეებმა ჯაჭვი შეიბეს და ხიდზე განთავსდნენ. მათი თქმით, ვიდრე ტერიტორიზე დროებითი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი არ დაიწყება, ჯაჭვი არ გაიხსნება. ტექნიკა კი ხიდს ერთადერთ შემთხვევაში გადაკვეთს - თუ კომპანია ტერიტორიას საბოლოოდ დატოვებს.

ადგილობრივებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათი თქმით, 12 ნოემბერს მიღებული პირობა ტექნიკის გაყვანის და სამუშაოების შეწყვეტის შესახებ, არ შესრულდა.

"დღეს, 9 საათიდან უნდა დაწყებულიყო ტექნიკის გაყვანა, ასეთი იყო პირობა. რაღაც ნაწილი დილით მოჩვენებითად გამოიყვანეს, ჩვენ ველოდებოდით რომ დარჩენილი ტექნიკაც გამოვიდოდა და ხიდი გავხსენით, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ შიდა ტერიტორიაზე ისევ მოძრაობს ტექნიკა და სამუშაოები გრძელდება. ამიტომ ისევ ვკეტავთ გზას და არ გავხსნით, ვიდრე აქედან არ წავლენ", - ამბობს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენელი და საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

20 დღიანი უწყვეტი პროტესტისა და ღამისთევის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ პასუხობს.

ორი დღის წინ მათთან ჩასვლაზე უარი განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბ
რიძემ, რომელმაც აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ჯერ მოატყუა, შემდეგ კი კაბინეტში დაიბარა. სამხარეო ადმინისტრაციაში ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეთანხმება უარყვეს და განაცხადეს, რომ მხარის რწმუნებული მზადაა შეხვდეს ნებისმიერ მოქალქეს, მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში. აქციის მონაწილეები გუბერნატორთან კაბინეტში შეხვედრაზე უარს აცხადებენ და მის ადგილზე ჩასვლას მოითხოვენ.

უყურადღებოდ დატოვებული ადგილობრივები 14 ნოემბერს კიდევ ერთ მასშტაბურ აქციას გეგმავენ და პროტესტის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე კომპანია "ენკა" ტერიტორიას არ დატოვებს და ჰესის მშენებლობაზე უარს არ იტყვის.

მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი შეცვლის რიონის ხეობის კლიმატს და გააქრობს ყურძნის უნიკალურ ჯიშებს, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყალი დაფარავს მიმდებარე სოფლებს, დაახლოებით 10 წუთში კი ტალღა ქუთაისამდეც მიაღწევს.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს. ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

ჰესის მშენებელობის ადგილი 23 ოქტომბერს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოინახულა. მინისტრმა  მშენებლობა საუკუნის პროექტად შეაფასა.




ამავე თემაზე: 

„გუბერნატორმა გადაგვაგდო“ – ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე ზვიად შალამბერიძე არ ჩავიდა

ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

"ეს, შეიძლება ითქვას, არის საუკუნის პროექტი" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობაზე

ღამისთევა რიონის ხეობის გადასარჩენად


Print