ახალი ამბები
წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია მიმდინარეობს
FaceBook
წყალტუბოს #58-ე საოლქო საარჩევნო  კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის ოლქში შემაჯამებელი ოქმების დაწერას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, არჩევნები გაყალბდა და  საჩივრები სასამართლოშია გადაგზავნილი, ამიტომ შემაჯამებელი ოქმები არ უნდა დაიწეროს.

ისინი აცხადებენ, რომ შემაჯამებელი ოქმები 11 დღის შემდეგ ისევ დაუბალანსებელია და საოლქო შემაჯამებელ ოქმს ზეპირსიტყვიერად წერს.

აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული ისინი საოლქოს წინ დგანან, რომ შენობაში არავინ შევიდეს.

''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟოჟოლიანი წყალტუბო,ხონი, ვანი და სამტრედიაში იყრიდა კენჭს. მან ხმების 31.52 % მიიღო, ხოლო ''ქართული ოცნების'' კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 51.04%.

საქართველოში გაერთიანებული ოპოზიცია 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების შედეგებს არ სცნობს. ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, მმართველმა გუნდმა არჩევნები გააყალბა, რის გამოც ისინი მიღებული მანდატით პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ოპოზიცია არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას, მათი მოთხოვნაა ჩატარდეს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება.

ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: - "გირჩი", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა" და "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები".


Print