ახალი ამბები
ბინაზე მყოფი კოვიდპაციენტებისთვის კვლევის საჭიროებას ოჯახის ექიმი გადაწყვეტს
FaceBook
ჩაუტარდება თუ არა ბინაზე მყოფ პაციენტებს ე.წ. დიმერის, თრომბოებოლიის და სისხლის საერთო ანალიზი, ამას ოჯახის ექიმი გადაწყვეტს.

ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას თქმით, ოჯახის ექიმები ბინაზე მართვის პროტოკოლით იხელმძღვანელებენ და კვლევების დანიშვნის საჭიროებას თავად გადაწყვეტენ.

"ბინაზე მყოფ პაციენტებს ექიმის დანიშნულებით ჩაუტარდებათ ის კვლევები, რასაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ და დაუნიშნავს. ყველას ნამდვილად არ სჭირდება. არსებობს ბინაზე მართვის პროტოკოლი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის და ექიმი ამ პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევებით იხელმძღვანელებს. მთავარი არის ის, რომ კვლევების დანიშვნა ექიმის გადაწყვეტილებით ხდება", - განაცხადა ეკა ადამიამ.

რაც შეეხება კოვიდსასტუმროში მყოფ პაციენტებს, მათ  ე.წ. დიმერისა და სისხლის საერთო ანალიზი დაწესებულებაში შეყვანისთანავე ჩაუტარდებათ.

ჯანდაცვის სამინისტრომ, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის დიმერის, სისხლისა და თრომბოებოლიის ანალიზის აღების გადაწყვეტილება
წინა კვირას მიიღო.
Print