ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში არ იციან გადაიფორმა თუ არა „ტორპედო“ ახალმა ინვესტორმა
FaceBook
ქუთაისის მერიაში არ აქვთ პასუხი იმაზე, გაფორმდა თუ არა საბოლოოდ ხელშეკრულება იტალიელ ინვერტორთან საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გადაცემაზე.

მერიის პრესსამსახურმა ამ კითხვით იურისტთან გადაგვამისამართა, თუმცა, არც ირაკლი გიორგაძემ იცის გაასხვისა თუ არა კლუბი ადგილობრივმა თვითმმართველობამ.

"აღარ ჩავრეულვარ "ტორპედოს" თემაში და არ ვიცი. შვებულებაში ვარ", - გვითხრა მერიის იურისტმა.

ხელშეკრულების გაფორმების საკითხი ბუნდოვანია კლუბის ახალი დირექტორისთვისაც. პაპუნა მელაძემ არც ის იცის რა რაოდენობის თანხის ჩადებას აპირებს ახალი ინვესტორი კლუბში და არც ის, როდის მოეწერება ხელშეკრულებას ხელი. მოლაპარაკების პროცესში კლუბის ადმინისტრაცია ჩართული არ არის.

"როგორც ჩვენ ვიცით, ქუთაისში ყველაფერი მზადაა, ელოდებიან ეკონომიკის სამინისტროს, საბოლოო ბეჭედი იქ უნდა დასვან. ვიდრე ეს პროცესი არ დასრულდებას, ჩვენ არავინ გვახედებს ამ საკითხში. ერთი ის ვიცით, რომ კლუბმა უნდა იბრძოლოს უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ", - გვეუბნება პაპუნა მელაძე.

რაც მთავარია, საქართველოში არ იმყოფება თავად ფაბიო მანინი, რომელმაც ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გააკეთა განაცხადი, რომ მზად არის კლუბში ინვესტიცია ჩადოს. იტალიელი ბიზნესმენი ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა, მაგრამ უკან დაბრუნდა. როდის ჩამოვა ის კვლავ ქვეყანაში, უცნობია. ფაქტია, რომ მერიასა და იტალიელ ინვესტორს შორის მოლაპარაკებების დაწყებიდან 11 თვის შემდეგაც, გაურკვეველია ვინ არის რეალურად კლუბის მეპატრონე.

"საქმე გამოუჩნდა და უკან დაბრუნდა. ახლა გვითხრა, როცა ავიღებ ბილეთებს, გაგაგებინებთო. ეს პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს", - ამბობს კლუბის დირექტორი.

რა ეტაპზეა მოლაპარაკებები იტალიელ ინვესტორთან, ამ შეკითხვაზე ეკონომიკის სამინისტროში არ პასუხობენ.

ქუთაისის "ტორპედო" ინვესტორის გარეშე გასულ წელს დარჩა, მას შემდეგ, რაც ზაალ ჩაჩავას, დაგროვილი დავალიანების გამო, ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა. ფინანსური კრიზისის გამო კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე რამდენჯერმე აღმოჩნდა. გუნდი დატოვეს წამყვანმა ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა. 


ამავე თემაზე:


ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში


Print