ახალი ამბები
ნამახვანჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
FaceBook
წყალტუბოს სოფელ ჟონეთთან, სადაც ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა დგას, ჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს არ უშვებენ.
ადგილობრივებს, რომლებიც სოფელ ჟონეთიდან ფეხით დაიძრნენ, ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე სამართალდამცავები დახვდნენ მობილიზებული. აქციის მონაწილეებმა ტექნიკასთან მიახლოება სცადეს თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, ადგილობრივებმა ქუთაისი-ლეჩხუმის გზა გადაკეტეს და ავტომანქანებს არ ატარებენ.



მოძრაობა "გადავარჩინოთ რიონის ხეობა" მე-16 დღეა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანიამ ადგილზე სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით დაიწყო, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი შეცვლის რიონის ხეობის კლიმატს და გააქრობს ყურძნის უნიკალურ ჯიშებს, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყალი დაფარავს მიმდებარე სოფლებს, დაახლოებით 10 წუთში კი ტალღა ქუთაისამდეც მიაღწევს.

სამუშაოების შესაჩერებლად ადგილობრივები ღამეებსაც ათევენ.

წყალტუბოში, ნამახვანჰესის მშნებელობის ადგილი 23 ოქტომბერს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოინახულა. მინისტრის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია  არც მედიისთვის და არც ადგილობრივებისთვის   წინასწარ ცნობილი არ იყო.

მინისტრმა  მშენებლობა საუკუნის პროექტად შეაფასა, ხოლო ჰესის პროექტის ხელმძღვანელის ბარან ოზგენის განცხადებით, სამუშაოები ყველა რეგულაციის დაცვით  მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ. სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

Print