ახალი ამბები
ოპოზიციის აქცია რუსთაველზე 9 ნოემბერსაც განახლდება
FaceBook
ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება.
ოპოზიციონერი ლიდერები მხარდამჭერებს პარლამენტთან შეკრებისა და ჩატარებული არჩევნების შედეგების გაპროტესტებისკენ 18:00 საათზე მოუწოდებენ.

ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 8 ნოემბერს გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას 3 მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს, რა ვადის ამოწურვის შემდეგაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები იყო და ამ დრომდე ძალაში რჩება შემდეგი: 1. ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; 2. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და კომისიების სამართლიანი პრინციპით დაკომპლექტება; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

რაც შეეხება ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ დროის სხვადასხვა მონაკვეთში წყლის ჭავლი გამოიყენა. ცესკოს ტერიტორიის მომიტინგეებისგან გასათავისუფლებლად პროცესში ჩართული იყო სპეცრაზმიც.

წყლის ჭავლის რამდენჯერმე გამოყენების მიუხედავად, აქციის მონაწილეები ცესკოსთან ბრუნდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ, ოპოზიციონერი ლიდერების გადაწყვეტილებით, წუხელ ღამით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქცია დასრულდა.

ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება.

ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: - "გირჩი", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა" და "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები".
Print