ახალი ამბები
შსს - სამინისტრომ გამოიყენა პროპორციული ძალა
FaceBook
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომიტინგეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში, აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს.

დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენა პროპორციული ძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ნათქვმია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს, გაერთიანებული ოპოზიაცია რუსთაველზე 31 ოქტომრის არჩევენების შედეგებს აპროტესტებდა. აქციის ლიდრებმა მთავრობას
საღამომდე მისცა დრო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის, ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მომიტინგეები ცესკოს შენობისკენ დაიძრნენ, სადაც მათზე წყლის ჭავლი გამოიყენეს.
Print