პოლიტიკა
თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან
FaceBook
თბილისში დაგეგმილ  გაერთიანებული ოპოზიციის აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან.

პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები თბილისში საპროტესტო აქციაზე უკვე გაემგზავრნენ.

"ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს რუსთაველის ქუჩიდან ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ახლა სხვა გზა არაა. უნდა ვისწავლოთ, რომ დამარცხებულმა გამარჯვებულს მიულოცოს და დაელოდოს თავის რიგს. ოღონდ არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატ
არდეს და არა ისე, როგორც ახლა, როცა წაგვართვეს არჩევანი", - ამბობს "თავისუფალი საქათველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია, რომელიც აქციას უკვე შეუერთდა.

აქციას ასევე, უერთდებიან ,,ლელოს" წარმომადგენლები ქუთაისიდან.

,,ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაცია მივდივართ, რათა ვთვლით, რომ იქ დგომა ახლა ჩვენი ვალია. ჩვენი წართმეული ხმებისა და ნათელი მომავლის დასაცავად," - განაცხადა ,,ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ჟორჟოლიანმა.

,,ლეიბორისტულ პარტიაში" აცხადებენ, რომ იმერეთიდან თბილისში დაგეგმილ აქციას მათი პარტიის 200 წევრი უერთდება.

"სამწუხაროდ, ისევ ქუჩაში გვიწევს საქართველოს მომავლის ბედის გადაწყვეტა და კარგია, რომ სრული კონსოლიდაციაა ოპოზიციურ სპექტრში", - ამბობს ,,ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ირაკლი კიკვაძე.

დედაქალაქში  საპროტეტსო აქციას უერთდებიან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერებიც.  


"ჩვენ საერთოდ არ გვაქვს სურვილი სადმე ვიდგეთ, ეს არის ხალხის მოთხოვნა. 100 ათასობით ხმა გაყალბდა და რაღაც ზომები თუ არ მიიღო საზოგადოებამ სულ ერთ წრეზე ვივლით," - განაცხადა ,,ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით გოგისვანიძემ.

,,ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ აქციას იმერეთიდან 2 ათასამდე ადამიანი უერთდება. ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

,,ვითხოვთ ვადამდელ არჩვნებს, რომელიც შეუძლებელია ჩაატაროს ჟვანიამ და მისნაირებმა, რომლებიც ჰყავთ საოლქოებში. მათ ხალხს ხმები მოპარეს. დღეს არის გადამწყვეტი დღე. მნიშვნელოვანი ბრძოლაა და ხალხი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს," - განაცხადა გიგა შუშანიამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერენი თბილისში, პარლამენტის წინ აქციას  მართავენ.

ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება.

ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: - "გირჩი", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა" და "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები".


ავტორი : ანა ჯიქია
Print