ახალი ამბები
ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება
FaceBook
პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება.

შესაბამისი გადაწყვვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ  დღეს მიიღო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს. ჯარიმა 20 ლარი მოქმედებს დღეისთვის. ვაფართოებთ და ხვალიდან პირბადის ტარება იქნება სავალდებულო ღია სივრცეში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა.

საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 44 522 შემთხვევა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print