ახალი ამბები
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 18–დან მხოლოდ ორი საჩივარი დააკმაყოფილა
FaceBook
ქუთაისის  #59-ე  საოლქო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის დღეს ოლქში შესული 18 საჩივარი განიხილა.

საჩივრები ეხებოდა საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსებას, უბნის თავჯდომარის მიერ ლუქების დაკარგვას, გადასატან და სპეცსიაში არსებული ამომრჩევლების მიერ ხმის დარღვევით მიცემას, მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირველბლებისთვის  ხელის შეშლას, ყუთში ბიულეტენების კონვერტის გარეშე ჩაყრას და სხვა დარღვევებს. უბნებზე საჩივრების უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დაწერეს.

ხმაური მოჰყვა #69–ე უბანზე ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელსა და უბნის კომისიის წევრებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ, საჩივრის განხილვას. საჩივრის შინაარსის მიხედვით, უბნის დახურვის შემდეგ, კომისიამ ბიულეტენების მთვლელების გამოსავლენად წილისყრა არ ჩატარა, რაზეც კომისიის წევრებმა დამკვირვებლისგან შენიშვნა მიიღეს, ამას კი უბანზე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. საჩივრის ავტორის ინფორმაციით, უბანზე მათ დამკვირვებელს სასწრაფო დახმარებაც კი დასჭირდა, რადგან მასზე უბნის კომისიის წევრების მხრიდან  კოლექტიური ბულინგი მიმდინარეობდა, რის გამოც იგი სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საჩივრის განხილვას ესწრებოდა #69–ე უბნის კომისიის მდივანი, რომელმაც ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ თავად დამკვირვებელი იყო არაკომპეტენტური და ის უბანზე მიმდინარე პროცესებში ვერ ერკვეოდა. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, საოლქო კომისიის წევრებმა საჩივარი არ დააკმაყოფილეს.

ასევე არ დაკმაყოფილდა #55–ე უბანზე დაწერილი საჩივარი, როლის მიხედვითაც, უბანზე დაბრუნებული გადასატანი ყუთის მთლიანობა დარღვეული იყო და მას ერთ მხარეს ლუქი ჰქონდა დაზიანებული.

კომისიამ არ დააკმაყოფილა არც "ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველს ერთ–ერთმა დამკვირვებელმა მიუთითა, რომ საარჩევნო ნომერი 41 შემოეხაზა.

უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე "ლელოსაც", რომელიც #74–ე უბანზე, დეზინფექციის მიზეზით, კომისიის წევრების მიერ უბნის დატოვებას აპროტესტებდა. საჩივრის ავტორი შედეგების გაბათილებას ითხო
და, რადგან მიიჩნევდა, რომ საარჩევნო ყუთი უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული.

კომისიამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება #126–ე უბანზე, სადაც ამომრჩეველმა ბიულეტენები ყუთში კონვერტის გარეშე ჩაყარა. საჩივრის ავტორი "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" მიიჩნევდა, რომ ამით დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა, რის გამოც პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა თავმჯდომარეს. აღნიშნულ საჩივარს საოლქო კომისია კიდევ ერთხელ განიხილავს.

18 საჩივრიდან, საჩივრის ავტორთა პოზიცია მხოლოდ ორ შემთხვევაში გაიზიარა საოლქო კომისიამ. შენიშვნა მიეცა #64–ე უბნის თავმჯდომარეს, სადაც პირველი ამომრჩეველი, რომელსაც საკონტროლო ფურცელი შეავსებინეს, სხვა უბნის ამომრჩეველი აღმოჩნდა. ასევე შენიშვნით შემოიფარგლა საოლქო კომისია #95–ე უბანზე, სადაც დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნი არ აჩვენეს.

ამით, საოლქო კომისიამ კენჭისყრის დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა დაასრულა. 3 ნოემბერს კომისიაში კიდევ ერთი სხდომა გაიმართება, სადაც არჩევნების მეორე დღეს დაწერილ სამ საჩივარს განიხილავენ.

Print