ახალი ამბები
„31 ოქტომბრის არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო“ – TI
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2020 წლის პარლამენტის არჩევნებს უკანგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ უბნებზე დარღვევის 170 ფაქტი გამოავლინა და 46 საჩივარი შეადგინა. მისი შეფასებით, არჩევნების დღე საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირების, დამკვირვებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებისა და სხვა მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე, აკრიტიკებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირველადი მონაცემების დაგვიანებით გამოქვეყნების გამო.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან, 7.5 საათში გამოაქვეყნა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკის გაუარესებაა და რამაც ოპოზიციურ პარტიებს შედეგების გამოცხადების მანიპულირების ეჭვის საფუძველი გაუჩინა. ცალსახაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო", -ნათქვამია  TI - ს კვლევაში.

2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა. მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში  ქუთაისში, თერჯოლასა და ხარაგაულში  მერობის არჩევნები ჩატარდა.

Print