ახალი ამბები
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლა
FaceBook
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლა.
არჩევნებში მონაწილეობა ასევე ვერ მიიღო მისმა მეუღლემაც. 

ორივე მათგანი კორონავირუსზე მკურნალობს და მათ ცესკოდან გადასატანი ყუთი მოითხოვეს, თუმცა დღეს განუცხადეს, რომ რეგისტრირებულთა სიაში არ არიან.

"ფაქტია, რომ მოგვატყუეს. როგორც ჩანს, ამას ტყუილად არ აკეთებენ. ფაქტია, ხმები მოიპარეს" , -  განაცხადა ,,ქუთაისიპოსტთან" საუბარში ოთარ კახიძემ.

კორონაპანდემიის გამო კარანტინსა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის  ვადა 26 ოქტომბერს ამოიწურა. 

ქუთაისში, თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროებში მყოფმა 873 ამომრჩეველმა გაიარა რეგისტრაცია.

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისათვის გახსნილი 127 უბნიდან 311 გადასატანი ყუთი გავიდა. რამდენმა ადამიანმა ისარგებლა იმერეთსა და ქუთაისში სპეცუბნის გადასატანი ყუთით, ჯერჯერობით უცნობია.

ანა მიქელაძის თქმით, ამის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის. რაც შეეხება ,,ევროპული საქართველოს" კანდიდატების განცხადებებს, ცესკოში აცხადებენ, რომ საკითხს მოიკითხავენ, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 სპეცუბანია, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის განკუთვნილი უბნები.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.




Print