ახალი ამბები
"უბნის მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზებამ და ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა მასშტაბური სახე მიიღო"
FaceBook
თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერისა და ქუთაისის საარჩევნო უბნებზე კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის აღრიცხვის ფაქტები ისევ ფიქსირდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია  "სამართლიანი არჩევნების" მიერ კენჭისყრის პროცესზე გაკეთებული  მონიტორიგის მიხედვით, "ოცნების" კოორდინატორებთან ერთად ზოგ უბნებზე  მერიისა და საკრებულოს დეპუტატები იმყოფებიან.

"#59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #9, #15, და #16, საარჩევნო უბნების გარეთ მყოფი "ქართული ოცნების" კოორდინატორები მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ასევე, #50 საჩხერის საარჩევნო ოლქის #14 უბნის წინ "ქართული ოცნების" კოორდინატორები მაგიდასთან სიებით სხედან და მოსულ ამომრჩეველს აღრიცხავე. #57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #32 უბანთან დგას ავტომობილი, რომელშიც მსხდომ პირებს აქვთ ამომრჩეველთა სიები, ისინი უბანში შესვლამდე ამომრჩეველს აჩერებდნენ. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შენიშვნის შემდეგ მათ უბნის შორიახლოს გადაინაცვლეს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, უბნის მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზებამ და ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და ამ დროისთვის, მსგავსი შემთხვევები 11 საარჩევნო ოლქის 18 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება.

"სამართლიანი არჩევნების" შეფასებით, აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკის გამოყენება.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.
Print