პოლიტიკა
ვანში "ქართული ოცნების" კოორდინატორებმა ხმის მიცემის კაბინებთან ვიდეოკამერა დაამონტაჟეს
FaceBook
ვანში, სოფელ შუამთის 22-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კამერა ხმის მიცემის კაბინების თავზე დაამონტაჟეს.


ფაქტი უბანზე მყოფი ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებმა დააფიქსირეს და მისი მოხსნა მოითხოვეს.

მათი თქმით, კამერა კაბინაში შესული ამომრჩევლის მიერ ბიულეტენების შემოხაზვის პროცესს იღებდა, რაც კანონით აკრძალულია. ფაქტის გაპროტესტებისა და საჩივრის დაწერის შემდეგ, ადგილზე ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მივიდა.

ზაზა გიორგაძის თქმით, კამერა ხმის მიცემის პროცესს არ ასახავდა და ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფარულობა დაცული იყო. ამის მიუხედავად, საუბნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კამერა მალევე მოხსნეს და სხვა ადგილზე გადაიტანეს.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში არ უარყოფენ, რომ კამერა ხმის მიცემის კაბინებთან ახლოს დაამონტაჟეს, თუმცა აცხადებენ, რომ ამით ამომრჩევლის უფლება არ დარღვეულა.

ვანის მუნიციპალიტეტი 22-ე სამაჟორიტარო ოლქში შედის.  სამტრედიის, წყალტუბოსა და ხონის ჩათვლით ოლქში რეგისტრირებულია 144 150 ამომრჩეველი და გახსნილია 183 საარჩევნო უბანი.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის  ოთხი კანდიდატი.





Print