ახალი ამბები
ხმაური და დაპირისპირება სამტრედიის საარჩევნო უბანზე
FaceBook
ინცინდენტი მოხდა სამტრედიის #8 საარჩევნო უბანზე.

"ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი ამტკიცებს, რომ კომისიის რეგისტრატორმა ამომრჩეველს 41 საარჩევნო ნომრისთვის ხმის მიცემის შესახებ მიუთითა. მომხდარს უბანზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელმა საჩივარი უკვე დაწერა და სამტრედიის საოლქო კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდა.

რეგისტრატორის მიერ ამომრჩევლის თავისუფალ არჩევანში ჩარევას უარყოფს #8 უბნის თავმჯდომარე. მისი თქმით, რეგისტრატორს ამომრჩეველმა თავად მიმართა და ჰკითხა სად უნდა ჩაეგდო შევსებული ბიულეტენი. რეგისტრატორმა მხოლოდ ამის შემდეგ მოუთითა მას და უთხრა, რომ ბიულეტენები კონვერტთან ერთად საარჩევნო ყუთში უნდა ჩაეგდო.

აღნიშნული მუნიციპალიტეტი 22-ე სამაჟორიტარო ოლქის ნაწილია. სამტრედიის, ვანისა და ხონის ჩათვლით აქ რეგისტრირებულია 144 150 ამომრჩეველი. გახსნილია 183 საარჩევნო უბანი.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის  ოთხი კანდიდატი.
Print