ახალი ამბები
სიები და საკრებულოს წევრის ზედამხედველობა ქუთაისში საარჩევნო უბანთან
FaceBook
ქუთაისის N 22 - ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი პირები სიებს ავსებენ.

ისინი ,,ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობენ, რომ ამ სიებით საარჩევნო უბანში შესულ ამომრჩევლებს აკონტროლებენ და ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ.

,,გვაინტერესებს რამდენად აქტიური იქნება ამომრჩეველი, მე არავის პარტიიდან არ ვარ, უბრალოდ მოქალაქე ვარ",
- ამბობს ერთ-ერთი პირი, რომელმაც არც სახელის და გვარის დასახლეება ისურვა და არც ის დააკონკრეტა, ვისი დავალებით აკონტროლებს ამომრჩეველთა ნაკადს საარჩევნო უბანზე.

თუმცა, ისინი დავალებებს ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის მარეხი ნიჟარაძისგან იღებენ.


მარჯვნივ მარეხი ნიჟარაძე

გარე პერიმეტრისგან განსხვავებით, საარჩევნო უბნის კომისიის წევრების თქმით, შენობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 სპეცუბანია, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის განკუთვნილი უბნები.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.
Print
თეგები: #არჩევნები2020