ახალი ამბები
ქუთაისის #87-ე უბანზე მისულ ამომრჩეველს მარკირება გავლილი ჰქონდა
FaceBook
ქუთაისის #87-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს არჩევანის დაფიქსირების უფლება არ მისცეს.
მას უბანზე მისვლისას მარკირება გავლილი ჰქონდა, რაც უბნის ნაკადის მომწესრიგებელმა დააფიქსირა და შესვლის უფლება არ მისცა.

უბნის თავმჯდომარის ფიქრია სვინტრაძის თქმით, ამომრჩეველი გვერდით მდებარე უბანში მივიდა ხმის მისაცემად, თუმცა, სიაში არ აღმოჩნდა, ამის მიუხედავად მას მარკირება მაინც გაუკეთეს.

"მარკირება გავლილ ამომრჩეველს უბანზე ვერ შემოვუშვებდი. ამის უფლება კანონით არ მაქვს",  - ამბობს ფიქრია სვინტრაძე.

ამომრჩევლისთვის მარკირების გაკეთებას უარყოფენ #88-ე უბანში, თუმცა, ადასტურებენ რომ ამომრჩეველი მათთან ნამვილად იყო მისული.

"არ იყო ჩვენი ამომრჩეველი და მარკირებას რატომ გავუკეთებდი", - ამბობს #8-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი. 

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 არის სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც გაიმართება. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში ოთხი.



Print
თეგები: #არჩევნები 2020