ახალი ამბები
ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა
FaceBook
ცესკომ იზოლაციაში და სტაციონარში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა.

ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული ამომრჩეველთა სპეციალური სიები, რის მიხედვითაც  თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ია, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 საარჩევნო სპეციალური უბანი ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

31 ოქტომბერს გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში  მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

არჩევნებში სპეციალური ჯგუფების წევრებს, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი რაოდენობა 1917-ია.

ცეესკოს ინფორმაციით, 30 ოქტომბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას, იმის თაობაზე, რომ 31 ოქტომბერს ისინი არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.

2020-ის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ქუთაისში, თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროებში მყოფი 873 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისში სულ 130 უბანია გახსნილი. აქედან შვიდი სპეც.უბანია: ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის. 46 უბანი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, შერეული სისტემით, ერთპროცენტიანი ბარიერით და ბლოკებით გაიმართება. ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად მერსაც ირჩევენ, რადგან არჩეულმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით, ვადაზე ადრე, 2020 წლის 8 აპრილს დატოვა.

ქუთაისში ცესკოს მონაცემებით 155 ათას 10 ამომრჩეველია რეგისტრირებული.


Print