ახალი ამბები
საარჩევნო სუბიექტმა თავიანთ პარტიებს ჯამში 35 376 394 ლარი შესწირეს
FaceBook

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების შესახებ, შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, 50 საარჩევნო სუბიექტიდან შემოწირულობა 29 პარტიამ/ბლოკმა მიიღო. მათ მიერ მოზიდული შემოწირულებების ჯამმა 35 376 394 ლარი შეადგინა, აქედან მმართველ პარტიას 17 086 626 ლარი შესწირეს, პარტიას "ლელო საქართველოსათვის" – 5 075 844 ლარი, ხოლო საარჩევნო ბლოკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" შემავალმა პარტიებმა, ჯამურად 3 735 583 ლარი მოიზიდეს.


შემოწირულებების 48% "ქართულმა ოცნებამ მიიღო. შემოწირულებების 98% ფიზიკური პირების მიერ არის განხორციელებული, 2% კი - იურიდიული. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების დაახლოებით ⅓-ს იმაზე მეტი აქვს შეწირული, ვიდრე ერთი წლის საშუალო დარიცხული ხელფასია საქართველოში (11,040 ლარი).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს 47 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, სანაცვლოდ ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1.3 მლნ ლარი გაიღეს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს გ & კ ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი "ქართულ ოცნებას" 60,000 ლარი შესწირა. კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს ლ.და.კ, რომელმაც 2020 წელს 8.1 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22,000 ლარი შეიტანეს.
ტენდერების გარდა, მმართველ პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან.


ცალკე კვლევის საგანი გახდა პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების შემოწირულებები. მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" 30 მაჟორიტარი კანდიდატიდან შვიდმა, 2020 წელს იანვრის შემდეგ პარტიას 1,035,000 ლარი შესწირეს. მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია. მათ შორის არის იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" მიერ დასახელებული მაჟორიტარობის 25 კანდიდატიდან 15-მა საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს 565,670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 15.1%-ა.


"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" 29 კანდიდატიდან კი შვიდმა საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში პარტიას 421,990 ლარი შესწირა, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 22.6%-ა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდში ამ უწყებამ შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგის და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, 7 საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ორ სამართალდარღვევის ფაქტზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, ორი საქმის შესწავლა კი გრძელდება,

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მოსაზრებით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო. ეს უწყება უნდა აღიჭურვოს საგამოძიებო უფლებამოსილებებით და სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებსაც გაუწიოს ზედამხედველობა. ამ იდეის განსახორციელებლად კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირდა პარლამენტში, თუმცა იგი ჯერჯერობით არ განხილულა.

Print