ახალი ამბები
"ჩვენ არ გვინდა ჰესი" - მოსახლეობის პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ
FaceBook
ნამოხვანჰესის წინააღმდეგ რიონის ხეობის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.
ადგილობრივები ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს. მეოთხე დღეა მათ კარვები გაშალეს და ადგილზე მორიგეობენ.

მათი თქმით, ჰესი მთელს ხეობას და მათ შორის ქუთაისს საფრთხეს უქმნის, ამიტომ მის მშენებლობას არ დაუშვებენ. ადგილობრივებს, ეკოლოგები, სეისმოლოგები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ. მათ ხეობაში მსვლელობა მოაწყვეს და ტექნიკის გაყვანა მოითხოვეს.

"მეოთხე დღეა კარავები გავშალეთ და ვაპროტესტებთ ჰესის მშენებლობას. ჰესი საფრთხეს უქმნის მთელ ხეობას და ქუთაისს. ჩვენ არ გვინდა, დაიტბოროს ჩვენი სოფლები, სასაფლაოები, შეწყვიტონ მოსამზადებელი სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტი გაგრძელდებ", - აცხადებენ ადგილობრივები.


ღამისთევა რიონის ხეობის გადასარჩენად


წყალტუბოში, ნამახვანჰესის მშნებელობის ადგილი 23 ოქტომბერს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოინახულა. მინისტრის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია  არც მედიისთვის და არც ადგილობრივებისთვის   წინასწარ ცნობილი არ იყო.

მინისტრმა  მშენებლობა საუკუნის პროექტად შეაფასა, ხოლო ჰესის პროექტის ხელმძღვანელის ბარან ოზგენის განცხადებით, სამუშაოები ყველა რეგულაციის დაცვით  მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ. სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

Print