ახალი ამბები
''არჩევნები კარგი შესაძლებლობაა პარლამენტის ქუთაისში დასაბრუნებლად'' - სამოქალაქო მოძრაობის აქცია
FaceBook
ქუთაისში, სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრებმა  აქცია გამართეს.

მოძრაობის წევრებმა  მოქალაქეებს ფლაერები და პოსტერები დაურიგეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ არჩევნებზე  მხოლოდ იმ კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი, რომლისთვისაც პრიორიტეტი პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებაა.  


"ხელისუფლებამ ქუთაისს პარლამენტის გადატანით წაართვა სწრაფი განვითარების პერსპექტივა. პარლამენტის ქუთაისში დასაბრუნებლად არჩევნებს განვიხილავთ ძალიან კარგ შესაძლებლობად", - განმარტა მოძრაობის წევრმა ეკატერინე მარუქაშვილმა.

ქუთაისში, პარლამენტის შენობა, რომლის მშენებლობაც ბიუჯეტს 240 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, ერთი წელია მიტოვებულია. 2019 წლის იანვრიდან შენობა დაიცალა და საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში გააგრძელა.

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისთვის 22 პარტია იბრძვის, უმრავლესობა პარლამენტის დაბრუნებას და დეცენტრალიზაციას უჭერს მხარს.

2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ბლოკებითა და შერეული სისტემით ჩატარდება.

კანდიდატებს შორის არჩევანი ქუთაისში რეგისტრირებულმა 155 236-მა მოქალაქემ უნდა გააკეთოს.

ქალაქში სულ  123 საარჩევნო უბანია.
Print