ახალი ამბები
საჩხერის მეორე საჯარო სკოლა მსოფლიოს 100 წარმატებულ სკოლის ჩამონათვალში მოხვდა
FaceBook
საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე "მსოფლიო განათლების კვირეული" მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა.

სკოლა აღნიშნულ ჩამონთვალში ინოვაციური სასწავლო პროგრამების და მეთოდების საფუძველზე მოხვდა.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ პროფესიულ კოლეჯებთან. გვაქვს 7 მიმართულება. მოსწავლეები ეუფლებიან მზარეულის, კონდიტერის, დურგლის, ექთნის, ელექტრიკოსის, დიზაინერის და Iთ სპეციალობების მიმართულებებს. ამ პროგრამებს სრულად აფინანსებს სამინისტრო. აქ სწავლა შეუძლია საჩხერის სხვა სკოლების მოსწავლეებსაც, ვისაც პროფესიული განათლების მიღება სურს. განათლების მინისტრის მოადგილემ დაანონსა, რომ ჩვენი სკოლა ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც ზოგადი განათლების ატესტატთან ერთად პროფესიული განათლების დიპლომსაც გასცემს,"- განაცხადა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში სკოლის დირექტორმა ლიკა გომართელმა.

პროფესიულ სწავლებასთან ერთად საუკეთესო სკოლების ასეულში მოსახვედრად მათ სწავლა-სწავლების ინოვაციური მიდგომები, უცხო ენებისა და შთEM საგნების სწავლების ეფექტიანი მეთოდები დაეხმარათ.

"ჩვენი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება და ამის საშუალებით ჩვენი მოსწავლეები ინჟინერიის, ფიზიკის, ქიმიის მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან კონკურსებში წარმატებით მონაწილეობენ. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში გავაკეთეთ ,,მშობელთა სკოლა". შევისწავლეთ მშობლების საჭიროებები და სხვადასხვა თემატიკაზე უტარდებათ ტრენინგ-სემინარები. გარდა ამისა მოსწავლეებს გლობალური მიზნების მიღწევის გზებს ვასწავლით. სხვადასხვა პროექტებს ვახორცილებთ. მაგალითად: რა შეიძლება გააკეთონ გარემოს დასაცავად, სიღარიბის აღმოსაფხვრელად და ა.შ."

სკოლის დირექტორის, ლიკა გომართელის თქმით, მსოფლიო სკოლების ასეულში მოხვედრა მათი სკოლის მოსწავლეებისთვის სამომავლო წარმატებებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს მხოლოდ საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა წარმოადგენდა.

საერთაშორისო კონკურსი "მსოფლიო განათლების კვირეული" ონლაინრეჟიმში 5-9 ოქტომბერს გაიმართა.
Print