პოლიტიკა
,,პარლამენტის ქუთისიდან თბილისში გადატანის შემდეგ დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მცირედით შემცირდა" -IDFI-ის კვლევა
FaceBook
2019 წელს (პარლამენტის ქუთაისიდან  თბილისში გადმოსვლის შემდეგ),  წინა წელთან შედარებით, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსიტიტუტი" ავრცელებს.

IDFI-მ საქართველოს პარლამენტარების ავტომობილების მიერ 2018-2020 წლებში მოხმარებული საწვავის და გავლილი კილომეტრაჟის შესახებ ინფორმაცია  გამოითხოვა. 

,,2019 წელს ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ (7,791 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (7,197 ლიტრი), აკაკი ზოიძემ (7,071 ლიტრი), მამუკა მდინარაძემ (7,015 ლიტრი) და ზაზა გაბუნიამ (6,771 ლიტრი) მოიხმარა.

მათ მიერ მოხმარებული საწვავი აღემატება ან/და დაახლოებით იგივე ნიშნულზეა რაც 2018 წელს, როცა პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებდა. 2019 წელს 15 დეპუტატის შემთხვევაში, დაფარული მანძილი აღემატება 50 ათას კილომეტრს.

მათ შორის ყველაზე დიდი მანძილი დაფარეს - დიმიტრი ხუნდაძე - 59,946 კილომეტრი, გიორგი ბეგაძე - 57,415 კილომეტრი, ზაზა გაბუნია - 56,420 კილომეტრი, ილია ნაკაშიძე - 55,966 კილომეტრი.

2019 წელს საქართველოს პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ფარავდნენ 41,775 კილომეტრს, ხოლო 2018 წელს 48,544 კილომეტრს.

პარლამენტარების მიერ ათვისებული საწვავის რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ იცვლება იმ თვეებშიც, როცა 1 კვირიან ან უფრო ხანგრძლივ მივლინებებში იმყოფებიან საზღვარგარეთ.

2020 წლის აპრილი-მაისის პერიოდში (საგანგებო მდგომარეობის პერიოდი), წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, პარლამენტარების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობა დაახლოებით 30%-ით (14 ათასი ლიტრით) შემცირდა", -  წერია კვლევაში. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის გავლენაზე საწვავის ხარჯებზე, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში საეჭვოდ მაღალი აქტიურობა, ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის ავტოპარკში რიცხული ავტომობილების განკარგვის ხარჯთ-ეფექტურობასა და მიზნობრიობას. ამასთან, ანალიზის შედეგად, თვალსაჩინო გახდა პარლამენტარების საზღვარგარეთ  მივლინებაში ყოფნის პერიოდში ავტომობილების განკარგვის კონტროლის მექანიზმების გამკაცრების საჭიროებაც.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ინსტიტუტის კვლევებში სახელმწიფო ავტოპარკის განკარგვასთან დაკავშირებით გამოვლენილ სისტემურ ნაკლოვანებებზე განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი.


პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში 2019 წლის იანვრიდან სრულად გადავიდა. საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნებაზე მსჯელობა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2012 წლიდან დაიწყო.

პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად ხელისუფლების მიერ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება დასახელდა, რასაც ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირებასთან აკავშირებდნენ. აღნიშნავნდნენ ქუთაისის პარლამენტის შენობის დედაქალაქთან სიშორეს, რაც პარლამენტარების ავტომობილით  გადაადგილებისას როგორც დროით, ასევე მატერიალურ რესურსს მოითხოვდა.

პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ ცვლილება კონსტიტუციაშიც შევიდა. 2017 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის.

ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობაზე 340 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

Print