ახალი ამბები
ქუთაისში თერმოსკრინინგის აპარატის არქონის გამო სავაჭრო ცენტრები დააჯარიმეს
FaceBook
შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში  სავაჭრო ცენტრები “გრანდმოლი” და "უნივერმაღი"  10 000 - 10 000 ლარით დააჯარიმა.

ახალი რეგულაციებით სავაჭრო ობიექტებში თერმოსკრინინგის აპარატი უნდა იდგეს.

თანხის გადახდას არ აპირებს "გრანდ მოლის" ხელმძღვანელი ნატო დანელია, რომელიც ,,ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ იმ რეგულაციების შესრულება, რასაც დაჯარიმება მოჰყვა, შეუძლებელია.

,,ითხოვენ თერმოსკრინინგის აპარატურას, რომელიც 12 500 ლარი ღირს. ამ აპარატის, თან ორის დადგმა შეუძლებელია. მის მუშაობას 200 ლარიანი ინტერნეტი და კადრების დამატება სჭირდება, ვინც ამ აპარატებთან იმუშავებს. სადეზინფექციო ხსნარები უნდა იყოს კიდევ ლუგარის ლაბორტარიის მარკირებით, რაც 5 ლიტრი 75 ლარი ღირს და თვეში, დაახლოებით, 4 ათას 500 ლარი დაჯდება,"- ამბობს ნატო დანელია.

მისივე თქმით, თავდაპირველ რეგულაციებში მსგავსი მოთხოვნები არ იყო და არსებულ რეგულაციებს იცავდნენ, ახლა კი ამის გაკეთება ფინანსური ხარჯების გაზრდის გამო შეუძლებლია.

სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელი ჯარიმის გასაჩივრებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

მედიასთან საუბარი არ სურს ასევე 10 ათასი ლარით დაჯარიმებული სავაჭრო ცენტრ "უნივერმაღის" ადმინისტრაციას.

სავაჭრო მოლების დაჯარიმების შემდეგ, მუშაობა შეწყვიტა სავაჭრო ცენტრმა ,,ქარვასლამ." როგორც ობიექტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, მუშაობის შეჩერება კოვიდ-19-თან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დამატების გამო მოხდა.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სავაჭრო ცენტრებმა და ღია სივრცის მქონე რესტორნებმა მუშაობა პირველი ივნისიდან განაახლეს. დაწესებულებაში შესვლა პირბადეებით და სავალდებულო თერმოსკრინინგის შემდეგ არის ნებადართული.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერშიჩინეთის პროვინცია უჰანში დაიწყო.


ავტორი: ანა ჯიქია
Print