ახალი ამბები
ვაგონში მცხოვრებ 87 წლის მოხუცს წყალტუბოს გამგეობამ სახლი აუშენა
FaceBook
სოფელ გუმათში მცხოვრებ 87 წლის ჟენია ჯიშკარიანს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი სახლი აუშენა. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი მოხუცი, ათეული წლების მანძილზე ვაგონში ცხოვრობდა და წყალტუბოს გამგეობიდან დახმარებას ითხოვდა.
გადაწყვეტილება 87 წლის მოხუცის დახმარების შესახებ, წყალტუბოს გამგეობამ გასული წლის ოქტომბერში მიიღო.
მიწის რეგისტრაციის საკითხების სამართლებრივად მოგვარების შემდეგ, მუნიციპალიტეტმა სახლის მშენებლობა დაიწყო, რაც 4 თვის მანძილზე გრძელდებოდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 18 ათასი ლარი შეადგინა.
დღეს, ჟენია ჯიშკარიანის ახალი სახლი სოფელ გუმათში, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და წყალტუბოს გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა საზეიმოდ გახსნეს და მარტოხელა მოხუცს საჩუქრები გადასცეს. დღესვე, სიმბოლურად, გუბერნატორმა და გამგებელმა, ახლადაშენებული და კომფორტული სახლის ეზოში ხეხილის ნერგები დარგეს. წყალტუბოს გამგეობაში განმარტავენ, რომ "სიკეთის აქცია", რომელიც მსგავსი მასშტაბით, არცერთ მუნიციპალიტეტში აქამდე არ განხორციელებულა, წყალტუბოში სხვადასხვა პროექტების სახით, მომავალშიც იგეგმება.
Print