ახალი ამბები
ქუთაისის საჯარო სკოლებში ცხელების ოთახი მოეწყო
FaceBook
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქუთაისის საჯარო სკოლებში ე.წ. ცხელების ოთახი მოწყო.
სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის პედაგოგებს და მოსწავლეებს სავალდებულო თერმოსკრინინგის დროს მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში აღნიშნულ ოთახში მოათავსებენ. 

"ყველა სკოლაში გამოყოფილია ცხელების ოთახი. ვირუსის პრევენციისთვის სკოლებში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და თუ დაუფიქსირდებათ ტემპერატურა დროებით მოხდება მათი ამ ოთახებში გათავსება, სანამ შესაბამისი სამსახრები უზრუნველყოფენ მათ შემოწმებას,"- ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.
ცხელების ოთახები ქუთაისის ყველა საჯარო სკოლაშია მოწყობილი. სამედიცინო კაბინეტი კი კორონავირუსამდე ქუთაისის მხოლოდ 16 სკოლას ჰქონდა.  

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ამ ეტაპზე დაფინანსება ქუთაისში 8 სკოლას გაეზარდება.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დანარჩენი სკოლებისათვის ყველა საჭირო ინვენტარი შეძენილია.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შესვლის შემდეგ 2022 წლის 15 სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ვალდებული იქნება სამედიცინო ოთახები სრულად მოაწყონ.

ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა. პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებში 1-ლი ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. 

ქალაქში სასწავლო პროცესის განახლება მას შემდეგ გადაიდო, რაც კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და 10 სექტემბერს #32 -ე საჯარო სკოლაში ვირუსი ერთდროულად 21 პედაგოგს დაუდასტურდა.


ავტორი: ანა ჯიქია
Print