ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ბოლო 24 საათში იმერეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 55-ით გაიზარდა.

ჯამში, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 1182 ტესტი გაკეთდა. 55 შემთხვევიდან რამდენი უკავშირდება ქუთაისს ან იმერეთის სხვა რაიონებს, უცნობია. უცნობია, ასევე დადგენილია თუ არა ინფიცირებულთა კონტაქტები. ქუთაისში, დღეს ამის შესახებ ტრადიციული განცხადება არ გაკეთებულა. იმერეთის გუბერნატორი, რომელიც ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემებს მედიას ყოველდღიურად აწვდიდა,ჟურნალისტებს არ შეხვედრია. სამხარეო ადმინისტრაციაში არც ის განუმარტავთ, გააკეთებს თუ არა გუბერნატორი  განცხადებებს მომდევნო დღეებში.

გუბენატორის ნაცვლად,  დღეს მედიასთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა, ცოტა ხნის წინ სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მონაცემებზე საუბარს ვერც ის შეძლებდა. თავად გოჩა გიორგიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

როგორც ქუთაისიპოსტისთვის გახდა ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამხარეო ადმინისტრაციებსა და რეგიონულ სამმართველოებს ინფორმაციის გაცემა აუკრძალა. ქუთაისიპოსტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა, სადაც ინფორმაცია მონაცემების გაცემის აკრძალვის შესახებ უარყვეს, თუმცა, განაცხადეს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ყველა დაძაბულ რეჟიმში მუშაობს და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებები მხოლოდ თბილისში გაკეთდება.

"თუ იქნება დამატებითი საჭიროება, განცხადება  გაკეთდება რეგიონებშიც",  - განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.







Print