ახალი ამბები
აუკრძალეს თუ არა დაავადებათა კონტროლის რეგიონულ ცენტრებსა და სამხარეო ადმინისტრაციებს კორონავირუსზე ინფორმაციის გაცემა?
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, რომელიც კორონავირუსის იმერეთში გავრცელების მასშტაბებზე მედიას ყოველდღიურად აწვდიდა ინფორმაციას, დღეს ჟურნალისტებს არ შეხვდა.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მიზეზი  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ სამხარეო ადმინისტრაციებისა და რეგიონული სამმართველოებისთვის ინფორმაციის გაცემის აკრძალვაა.

სამხარეო ადმინისტრაციაში შეკითხვას თუ ვინ გასცემს ინფორმაციას ვირუსთან დაკავშირებულ მონაცემებზე, ვერ პასუხობენ. არ იციან არც ის, გააკეთებს თუ არა გუბერნატორი განცხადებებს მომდევნო დღეებში.

მოგვიანებით, გუბერნატორის ნაცვლად მედიასთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის შეხვედრა დაინიშნა, თუმცა, ცოტა ხნის წინ სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მონაცემებზე საუბარს ვერც ის შეძლებდა. თავად გოჩა გიორგიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ქუთაისიპოსტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა, სადაც ინფორმაცია მონაცემების გაცემის აკრძალვის შესახებ უარყვეს, თუმცა, განაცხადეს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო,  ყველა დაძაბულ რეჟიმში მუშაობს და ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებები მხოლოდ თბილისში გაკეთდება.

"თუ იქნება დამატებითი საჭიროება, გაკეთდება რეგიონებშიც",  - განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

ბოლო 24 საათში იმერეთში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 55-ით გაიზარდა. ჯამში, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 1182 ტესტი გაკეთდა. თუმცა, 55 შემთხვევიდან რამდენი უკავშირდება ქუთაისს ან იმერეთის სხვა რაიონებს, უცნობია. უცნობია ისიც,  დადგენილია თუ არა ინფიცირებულთა კონტაქტები.



Print