ახალი ამბები
ეკომიგრაცია ქართულად და უსტატუსო ეკომიგრანტები
FaceBook
საქართველო ბუნებრივი კატასტროფების სიხშირის მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო წლებში სტიქიების მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა და უფრო მეტ აქტივაციას განიცდის. ყოველივე ეს კი აისახება ეკომიგრანტების განსაკუთრებით დიდ და მზარდ რაოდენობაში.

ადგილნაცვალი პირები განსახლების შემდეგაც საზოგადოების უღარიბეს სეგმენტად რჩებიან. მძიმე მდგომარეობაშია 1990-იანი წლების შემდეგ განსახლებული ოჯახების ერთი ნაწილი. არ არსებობს სახელმწიფოს ხედვა და სტრატეგია მათი პრობლემების გადასაჭრელად. საქართველოს კანონმდებლობა სტიქიების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს საერთოდ არ ცნობს.- აღნიშნულია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის (SENN) ანგარიშში.

30 წელი არაფრის გარეშე.




ბიბინიძეების ოჯახის წევრები სწორედ იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებსაც სახლ-კარის დატოვება საკუთარი სურვილით არ გადაუწყვეტიათ. ისინი ხულოს რაიონის სოფელ ფუშურუკაულიდან ხონში 1989 წელს 30 მდე თანასოფლელ ოჯახთან ერთად ჩამოასახლეს. მიზეზი მათ საცხოვრებელ ადგილზე მეწყერის ჩამოწოლის სასიშროება და ტერიტორიის ე.წ. პირველ კატეგორიაში მოხვედრა გახდა.

დღეს უკვე 57 წლის ფრიდონ ბიბინაძეს ზრდასრულ ასაკში ცხოვრების ახლიდან დაწყება მოუწია, რაც მისი თქმით, საკმაოდ რთული აღმოჩნდდა. ხონის რაიონის დედალაურის ჩაის მეურნეობაში, ტუნგოს უბანში მას საკარმიდამო ნაკვეთი გამოუყვეს. აღნიშნულ ტერიტორიას სასჯელაღსრულების დაწესებულების არსებობის გამო ადრე კოლონიის დასახლებასაც უწოდებდნენ. სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისთვის სოფელში სასჯელს ასობით ადამიანი იხდიდა. 1989 წლიდან კი ისინი აჭარელმა ეკომიგრანტებმა ჩაანაცვლეს, რომელთა ყოფა პატიმრებისგან ბევრით არ განხვავდებოდა. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფართების არარსებობის გამო გარკვეული ხნით ბევრ მათგანს კოლონიის შენობების საკნებსა და ე.წ. კარცერებში ცხოვრება მოუწიათ.


ფრიდონმა ხულოში საკმაოდ დიდი სახლი და მოსავლიანი მიწა დატოვა. ხონში კი ცარიელი ტერიტორია ერგო, სადაც სახელმწიფო მხოლოდ სახლისთვის საძირკველის ჩაყრაში დაეხმარა. კედლების ამოყვანა მან თავად მოახერხა. იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების წინ დროებით აგებული ფიცრის პატარა სახლში ცხოვრება დღემდე მოუწევდა.



ოჯახი ფრიდონმა ხონში შექმნა. არჩევანი მისი კუთხიდან აქვე ჩამოსახლებულ გოგოზე შეაჩერა. რამდენიმე წელში 3 შვილის მშობლები გახდნენ, რომელთა გაზრდაც იმავე ხის პატარა სახლში მოუწიათ.






. არ ეგონათ, რომ წლების შემდეგ შვილები დატოვებდნენ და მარტო დარჩებოდნენ. ქალიშვილი ბათუმში გათხოვდა, ვაჟებმა კი , რომლებიც თავიდან ხონში დამკვიდრებას გეგმავდნენ, ასევე წასვლა გადაწყვიტეს. მართალია, ერთმა მამის სახლის გვერდით მშენებლობა წამოიწყო, მაგრამ მხოლოდ კედლების ამოყვანა და გადახურვა მოახერხა. სამხედრო მოსამსახურე იძულებული გახდა ჯარში მსახურზე უარი ეთქვა და ბათუმში მშენებლობაზე გაეგრძელებინა საქმიანობა. მეორე ვაჟი კი ბევრი ქართველის მსგავსად უკეთესი მომავლის საძებნელად პოლონეთში გაემგზავრა. დღეს ფრიდონი მისსავე აგებულ პატარა ფიცრულში, იქ სადაც დრო თითქოსდა გაჩერებულია, მეუღლესთან და 83 წლის დედასთან, ლიზი ბიბინიძესთან ერთად ცხოვრობს.




ტუნგოს დასახლებაში ჩამოსახლებული ოჯახების ნახევარმა სოფელი წლების წინ დატოვა. ისინი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს სახლების შესყიდვის პროგრამაში მონაწილეობას დათანხმდნენ. ფრიდონმა სოფელში დარჩენა ამჯობინა, რადგან საკუთარი ხელით გაშენებული ბაღის დათმობა და ცხოვრების ისევ თავიდან დაწყება ვერ გაბედა. გული წყდება, რომ სახელმწიფომ ეკომიგრანტები მარტო დატოვა და დღეს საკუთარ კუთხეს იძულებით მოწყვეტილებს ყოველგვარი სტატუსის გარეშე უწევთ ცხოვრება. 30 წელზე მეტია ხონში მცხოვრები აჭარლები იძულებით გადაადგილებულ პირებთან გათანაბრებას და კანონით განსაზღვრული ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭებას უშედეგოდ ელიან. დღეს სწორედ კანონს მიღმა დარჩენილები იმ სოციალური თუ სხვა სახის დახმარების მიღმაც რჩებიან, რასაც სახელმწიფო იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ ახორციელებს .



საერთაშორისო პრაქტიკა და სახალხო დამცველის პოზიცია

გაეროს საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებით, `იძულებით გადაადგილებულად ითვლებიან ის პირები ან პირთა ჯგუფები, რომლებიც იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ სახლი ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რათა გაქცეოდნენ შეიარაღებულ კონფლიქტს, საყოველთო ძალადობას, ადამიანის უფლებათა ხელყოფას და სტიქიურ ან ადამიანის მიერ შექმნილ კატასტროფებს. აქედან გამომდინარე, ტერმინი "იძულებით გადაადგილებული პირი" თავის თავში ეკომიგრანტსაც უნდა მოიცავდეს.

სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში გახშირებული სტიქიური მოვლენების გამო , ეკომიგრანტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაში 2017 წელს 5 009, ხოლო 2018 წელს 5 457 ასეთი ოჯახი იყო დარეგისტრირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციფრი წლების მიხედვით მზარდია.

ნინო ლომჯარიას უწყება პრობლემად მიიჩნევს იმასაც , რომ განსახლებული ეკომიგრანტების ნაწილს საცხოვრებელი კერძო საკუთრებაში დღემდე არ გადასცემია .

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებაში შეიტანოს ცვლილებები, რომლებიც დაარეგულირებს ეკომიგრანტთა უკუმიგრაციას. ამასთანავე მოხდეს მომეტებული საფრთხის ქვეშ მცხოვრები ოჯახების რაოდენობის გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე და განსახლებისათვის გამოყოფილი თანხის მინიმუმ 30% მოხმარდეს ამგვარი ოჯახების განსახლებას .

ართული საკანონმდებლო ხარვეზი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე ხარვეზად მიიჩნევს იმას, რომ საქართველოში არ არსებობს ჩამოყალიბებული საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც მოაწესრიგებს ეკომიგრანტებთან დაკავშირებულ საკითხებს .

დღეს არსებული რეგულაციებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების მონაცემთა ერთიან ბაზას. შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციისათვის დაინტერესებულმა პირმა სწორედ სამინისტროს უნდა მიმართოს .

ზაალ გორგიძის განმარტებით, სტიქიით დაზარალებულს უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოსთხოვოს საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის დადგენა და ამ ინფორმაციის სამინისტროში გადაგზავნა. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დასკვნის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი აღდგენას ექვემდებარება , დაზარალებული ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გაწეული დახმარებით უნდა დაკმაყოფილდეს. კომისიის მიერ შედგენილი დასკვნის საფუძველზე , თუკი დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა შეუძლებელია და ტერიტორია საცხოვრებლად სახიფათოა, მაშინ მოქალაქეს საშუალება აქვს სამინისტროსგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა/ განსახლება მოითხოვოს .

ახალგაზრდა იურისტთთა ასოციაციის განმარტებით, კანონი ეკომიგრანტთა უფლებების შესახებ დღემდე არ არის მიღებული. რამდენიმე წლის წინ პარლამენტში დაწყებული განხილვები და კანონის მიღების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

სწორედ ამიტომ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფების გამო იძულებულნი გახდნენ თავისი საცხოვრებელი დაეტოვებინათ, არანაირი ოფიციალური სტატუსით არ სარგებლობენ. შესაბამისად, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მოკლებულნი არიან იმ სოციალურ შეღავათებს და დახმარებას, რომელსაც სახელმწიფოსგან იღებენ შეიარაღებული კონფლიქტების გამო იძულებით გადაადგილებული პირები.

"პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ დღემდე ვერ მოხერხდა უმძიმეს ეკონომიკურ გაჭირვებაში მყოფი ეკომიგრანტების ახალ გარემოსთან ადაპტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაცია. ყოველივე ამას მთელი რიგი მიზეზები გააჩნია და მის გამოსწორებას ისევ და ისევ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი საკანონმდებლო ბაზის შექმნით. თანაც არა მარტო მნიშვნელოვანია კანონის მიღება, არამედ მთავარია მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა." - მიაჩნია ზაალ გორგიძეს .


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იმერეთის, გურიის , რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ქორიძის განცხადებით, ადამიანებს, რომლებსაც ბუნებრივი კატასტროფების გამო განსახლება უწევთ, სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე მხოლოდ 25 ათასი ლარით ეხმარება. აღნიშნული თანხა მათთვის საცხოვრისით უზრუნველყოფას ხმარდება. ფაქტია, გაუფასურებული ეროვნული ვალუტის გამო , ბევრ ეკომიგრანტს სასურველი სახლის შესაძენად თანხის საკუთარი დანაზოგიდან დამატება უწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ მოკრძალებულ ფართს და ადგილს უნდა დაჯერდეს, რასაც 25 ათასი ლარის ფარგლებში შესთავაზებენ და რაც საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ალბათ არ უნდა ნიშნავდეს.

სიმბოლურად ორად გაყოფილი გზა





დედალაურის თემის ჩაის მეურნეობის ცენტრს ტუნგოს დასახლებასთან კილომეტრნახევარი აშორებს. მოასფალტებული გზა სწორედ ამ კილომეტრნახევრის დასაწყისში სრულდება და გრუნტის გზით გრძელდება. გზის ერთ მხარეს ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს, მეორე მხარეს კი უსტატუსო და სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული ეკომიგრანტები.

ხვიჩა ვაშაყმაძე



Print