ახალი ამბები
წყალში გადაყრილი მილიონები და შენობის გარეშე დარჩენილი მოსწავლეები მუხურაში
FaceBook
სოფელ მუხურის სკოლაში წელს ზარი 15 სექტემბერს არ დაირეკება.


სასწავლო პროცესი აქ სულ მცირე ორი კვირის დაგვიანებით ერთადერთი მიზეზით დაიწყება – მოსწავლეებს შენობა არ აქვთ. საბჭოს ძველი შენობა, სადაც მოზარდები 20 წელზე მეტი გაუსაძლის პირობებში სწავლობდნენ, საგანმანათლებლო პროცესისთვის გამოუსადეგარია. ახალი შენობა კი რომლის მშენებლობაც 2015 წელს დაიწყო, ჯერ არ დასრულებულა. მუხურელი მოსწავლეები ხუთი წელია ამაოდ ელოდებიან სკოლის  ახალი შენობას.


დაზიანებული ჭერი, კელდები, იატაკი, ძველი ინვენტარი და შეშის ღუმელი – ამ პირობებში ათეული წელი სწავლობდა 50–ზე მეტი მოსწავლე. მათთვის პრობლემა არც მას შემდეგ მოიხსნა, რაც სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი შენობა მუხურელი მოსწავლეებისთვის პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის საშუალება უნდა ყოფილიყო, თუმცა, 10 თვეში შესასრულებელი სამუშაოები ხუთი წლის შემდეგაც გრძელდება. შენობა აშენდა, მაგრამ არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების გამო, არც ერთი დღე არ უ
მუშავია.

სამუშაოებისთვის, რომელიც შუა გზაზე მიატოვა კომპანია "არქიკულტურამ", განათლების სამინისტროსგან 2 289 999 ლარი მიიღო. კოლოსალური თანხის დახარჯვის შემდეგ კი გაირკვა, რომ კომპანიამ შენობაში არასწორად მოაწყო სადრენაჟე სისტემა, რის გამოც სარდაფში წყალი დგებოდა.

ახლა მომხდარზე პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა. კომპანიის დირექტორი გოჩა გუნიავა გარდაიცვალა, შპს–ს ერთ–ერთი თანამშრომელი დიმიტრი არჩვაძე კი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ მან კომპანია მალე დატოვა და მშენებლობაში დაშვებული ხარვეზების შესახებ არაფერი იცის.

"მე დიდი ხანია აღარ ვარ ამ კომპანიაში. ეს ტენდერი რომ მოვიგეთ, მალევე წამოვედი, ამიტომ არაფერი ვიცი", – ამბობს დიმიტრი არჩვაძე.

თითქმის ხუთი წელი ელოდა განათლების სამინისტრო უშედეგო პროცესს. ამ ხნის განმავლობაში კი სარდაფში დამდგარმა წყალმა შენობაში ლამინატი, კარები და ხის ინვენტარი დააზიანა.

მიმდინარე წლის აგვისტოში სამინისტროს "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ" დამატებით 500 000 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა ინდ.მეწარმე რუბენ ლუტიძესთან, რომელმაც მშენებლობაში დაშვებული ხარვეზები უნდა გამოასწოროს.

"წყალი იდგა სარდაფში. ნესტისგან აყრილი იყო მეტლახი, ლამინატი, მდფ–ის ყველა კარი ნესტისგან გაფუჭებული იყო. სადრენაჟე სისტემა გააკეთეს არასწორად და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. თავიდანაა გასაკეთებელი", – ამბობს რუბენ ლლუტიძე.


სკოლის დირექტორმა, თამაზ ბარბაქაძემ სწავლის გადავადების თხოვნით უკვე მიმართა განათლების სამინისტროს.

"ძველ შენობაში ყოფნა უკვე აღარ შეიძლებოდა. ახლა გვპირდებიან, რომ პირველ ოქტომბრამდე მთავარი სასწავლო კორპუსი დასრულდება, გარე სამუშაოები კი შემდეგ გაგრძელდება. უკვე მივმართეთ სამინისტროს და ვითხოვეთ სწავლის გადავადება", – ამბობს თამაზ ბარბაქაძე.

აგო თუ არა ვინმემ პასუხი წყალში გადაყრილ მილიონებზე, უცნობია.

განათლების სამინისტრომ კითხვებზე პასუხები, ერთთვიანი ლოდინის შემდეგაც, არ გაგვცა. ფაქტი კი ერთია, კომპანია კი შავ სიაშიც არ არის შეყვანილი. ერთადერთი პასუხი, რაც ქუთაისიპოსტმა ამ საკითხზე მიიღო, ტყიბულის რესურსცენტრის წერილია, რომლითაც გვატყობინებს, რომ ჩვენი შეკითხვები სსიპ საგანმანათლებო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გადაეგზავნა, თუმცა, პასუხი არც სააგენტოსგან მიგვიღია.

მუხურის ცენტრში ახლა ორი შენობა დგას – ერთი, ძველი, რომელიც დანგრევის პირასაა და იქ სწავლა საფრთხისშემცველია, მეორე კი ახლადაშენებული, თუმცა, უფუნქციო.

Print