ახალი ამბები
ჭიათურის მერიას საყრდენი კედლის მოწყობაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან
FaceBook
ჭიათურაში, თეატრის მიმდებარედ საყრდენი კედლის აღსადგენად მერიამ 45 000 ლარი დახარჯა.
შემდეგ კედელი დაზიანდა და ხარვეზების დასაფარავად მის მოხატვაში 5 400 ლარი გადაიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ამის პარალელურად ჭიათურის მერიამ იაშვილის ქუჩის სკვერის კედელიც მოხატა სამუშაოები სრულიად უსასყიდლოდ ადგილობრივი სამხატვრო სკოლის პედაგოგებს შეასრულებინა.

,,საყრდენი კედელი, რომლის გამაგრებასა და მოხატვაში 50,000 ლარზე მეტია გადახდილი, ისევ დაზიანებულია. ამის პარალელურად, მერიამ იაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის კედელიც მოხატა. ამ შემთხვევაში, ჭიათურის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ადგილობრივი სამხატვრო სკოლის პედაგოგებმა უსასყიდლოდ შეასრულეს."

ჭიათურის მერიაში ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ კედლის მოსაწყობად ტენდერი 7-8 წლის წინ გამოცხადდა.


ჭიათურის მერი გივი მოდებაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ  ტენდერი გრაფიტის ფესტივალის მოსაწყობად გამოცხადდა, რომელის ფარგლებშიც საყრდენი კედელი მოხატეს.

,,კედელი 2019 წლისათვის იყო პრაქტიკულად ჩამოყრილი. ამის გარემონტება სრულად დაახლობით 200 ათასი ლარი ჯდება. ამის შესაძლებლობა იმ წუთისათვის ბიუჯეტს არ ჰქონდა. ჩვენ ჩავატარეთ 3 დღიანი ფესტივალი, რომელიც ითვალისწინებდა მის მოხატვას. წყალი ჟონავს და იქ რაც არ უნდა დაიტანო აიქერცლება. 3 წლიანი გარანტია აქვს კომპანიას, რომელიც მას შეცვლის პერიოდულად. სადაც დაზიანებული იყო არადგინეს უკვე. ამ ეტაპზე არაფერს არ საჭიროებს. ვიღაც-ვიღაცები, ბავშვები საღებავებს ასხამენ და მაშინ სულ უნდა ღებო."

ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გრაფიტის ფესტივალების ჩასატარებლად 50 000 ლარია გათვალისწინებული.


ავტორი: ანა ქიჯია
Print