ახალი ამბები
ცვლილებები, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდა
FaceBook
დღეს, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში.

- ძალაში შევიდა სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ბავშვის ანაბარს მშობელი სასამართლოს გარეშე ვერ გამოიტანს. ამას გარდა, სამოქალაქო კოდექსში ღღეიდან შედის ცვლილებები, რომელიც არასრულწლოვანთა მოძრავ ქონებას ეხება. კანონის თანახმად, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის "მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე"

- მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება, დღეს, პირველის სექტემბრიდან საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება. საარჩევნო კამპანიის პერიოდში გარკვეული უფლებები და ვალდებულებები აქვთ როგორც პოლიტიკური პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს, ისე მედიას.

აგიტაციის პერიოდში საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა. პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით, თუმცა პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

- 2020 წლის პირველი სექტემბრიდან ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული გარკვეული ცვლილებები ამოქმედდა. კოდექსის თანახმად, ბავშვები 18 წლამდე უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ, გარდა ამისა, ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებული ხდება, ბავშვებს დაახვედროს მეგობრული და ადაპტირებული გარემო, სადაც მათ მომსახურებას გაუწევენ ბავშვთა დაცვის სფეროში სპეციალიზებული საჯარო მოხელეები.

კოდექსის მიხედვით, უკიდურეს შემთხვევაში ბავშვის ოჯახიდან განცალკევების აუცილებლობას მხოლოდ მოსამართლე გადაწყვეტს. ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული ხდება, სოციალურად დაუცველი ოჯახი უზრულველყოს მათზე მორგებული ფინანსური დახმარებით, გარდა ამისა, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი შეისწავლიან მშობლების ფსიქიკურ და სოციალურ მდომარეობას და დაეხმარებიან მათ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვაში, რაც მომავალში მშობლებს საშუალებას მისცემს, დასაქმდნენ და თავად არჩინონ საკუთარი ოჯახი.

- დღეიდან ასევე ძალაში შევიდა ბავშვთა კოდექსის ის მუხლებიც, რომლებიც ინტერნეტსა და მაუწყებლებს ეხებათ. კომუნიკაციების კომისიის თანახმად, ცვლილებებით მშობლებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებს შეზღუდონ ისეთ ვებ-გვერდებზე წვდომა, რომელიც საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, განისაზღვრა წესები, რომლის მიხედვითაც იმ ვებ-გვერდებს, რომლებსაც განთავსებული აქვთ ფილმები, ანიმაციური ფილმები, სერიალები, პროგრამები და თამაშები, ვალდებული არიან გაუკეთონ სპეციალური ასაკობრივი ნიშანდებები, რომლებიც განსაზღვრულია 18 წლამდე, 15 წლამდე, 12 წლამდე და 7 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებელ პროგრამებზე.

- გარდა ამისა, მაუწყებლები ვალდებული არიან, საკუთარი ბადე დაგეგმონ ისე, რომ აღნიშნული ასაკობრივი პროგრამები ეთერში დღის კონკრეტულ პერიოდში განთავსდეს. ტელეკომპანიები ვალდებული არიან საკუთარ ეთერში არ განათავსონ 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი პროგრამა 6 საათიდან 24 საათამდე, 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის 6 საათიდან 23 საათამდე; 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის 6 საათიდან 21 საათამდე, ხოლო 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის 6 საათიდან 21 საათამდე.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდება, ვებგვერდები 1000 ლარით, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი 3000 ლარით დაჯარიმდებიან. ხოლო ტელევიზიები პირველ ჯერზე 2500 ლარით, ან მაუწყებლის წლიური შემოსავლის არაუმეტეს 0.5%-ის ოდენობით დაჯარიმდებიან, კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, კი მათ ავტორიზაცია შეუჩერდებათ.

- პირველი სექტემბრიდან ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა შესაძლებელი ხდება. შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ სახეზეა ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. საუბარია ელექტრონული სამაჯურზე, რომლითაც მოძალადის მიერ მსხვერპლთან/მსხვერპლის სახლთან, მის სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი მოხდება.
Print