ახალი ამბები
თერჯოლაში 11 წლის ბიჭს, შესაძლოა, წესი არ აუგონ
FaceBook
თერჯოლაში, სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ოჯახის წევრები მიცვალებულისთვის წესის აგებას ითხოვენ.

შესაბამისი საეკლესიო რიტუალის ჩატარების თხოვნით ოჯახმა საპატრიარქოს უკვე მიმართა.

იმის გამო, რომ გამოძიების ვერსიით, მოზარდმა თავი მოიკლა, შესაძლოა, გარდაცვლილს ეკლესიამ წესის აგებაზე უარი უთხრას.

"შეიძლება სულაც არ მოუკლავს თავი. არ ვიცი, ღმერთის წინაშე ტყუილს ვერ ვიტყვი... თუ ბავშვმა მართლა მოიკლა თავი, ეს გააკეთა სტრესის გამო, ამიტომ ვთხოვ საპატრიარქოს, დართოს ნება და ჩემს პატარას წესი აუგონ და ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან", - განაცხადა ტელეკომპანია "მთავარ არხთან" გარდაცვლილის ბებიამ, როზა ბოგვერაძემ.

თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის   წინამძღოლის გიორგი შალამბერიძის  თანაშემწემ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში მეუფეს სახელით სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით ეპარქიას გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო თავად მეუფე გიორგი შალამბერიძე ამჟამად სწორედ ამ საკითხის თაობაზე შეხვედრაზეა, სადაც მსჯელობა მიმდინარეობს. ირკვევა რომ მეუფე ასევე ოჯახში სამძიმარზე მისვლას დღეს აპირებს.

თერჯოლის სოფელ ძევრში, 11 წლის ბიჭი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, მოზარდმა, რომელიც მამის მხრიდან სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა, თავი მოიკლა. გარდაცვილის ოჯახის წევრების ნაწილს გამოძიების ვერსიის არ სჯერა და ამბობენ, რომ მამას, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, ბავშვი ცემაში შემოაკვდა. მათი თქმით, 11 წლის ათუკას მიმართ ცემა აბჟანდაძეების ოჯახში ძალადობის ერთადერთი შემთხვევა არ იყო და მამა მეუღლესა და ქალიშვილებზეც ხშირად ძალადობდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, მან თავის არასრუწლოვან ქალიშვილს სახის ძვლებიც დაუზიანა.   მეზობლები, აბჟანდაძეების ოჯახში ძალადობის ფაქტების გამო, საპატრულო პოლიციას ხშირად იძახებდნენ, თუმცა, სამართალდამცავები  მამაკაცს მხოლოდ ხელწერილს აწერინებდნენ.

49 წლის ფ.ა. ახლა დაკავებულია. მას ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წაყენებული ბრალის მიხედვით მას ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ამავე თემაზე: სისტემის და საზოგადოების თვალწინ განვითარებული და დაუნახავი ტრაგედია







Print