ახალი ამბები
11 წლის გარდაცვლილი მოზარდის დედას თერჯოლაში დღეს ელოდებიან
FaceBook
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა საბერძნეთიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდება.

ბიჭის მშობელს სოფელში უკვე ელოდებიან. მას ორი დღის წინ საზღვარზე დოკუმენტებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, რის გამოც უკან გააბრუნეს, დღეს კი ცნობილი ხდება, რომ იგი საქართველოში ბრუნდება.

დედა ემიგრაციაში 10 წლის წინ წავიდა და მას შემდეგ შვილი აღარ უნახავს. მის ჩამოსვლამდე მოზარდის ოჯახის წევრები გარდაცვლილის დაკრძალვას არ აპირებენ.

თერჯოლის სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, მოზარდმა, რომელიც მამის მხრიდან სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა, თავი მოიკლა. გარდაცვილის ოჯახის წევრების ნაწილს გამოძიების ვერსიის არ სჯერა და ამბობენ, რომ მამას, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, ბავშვი ცემაში შემოაკვდა. მათი თქმით, 11 წლის ათუკას მიმართ ცემა აბჟანდაძეების ოჯახში ძალადობის ერთადერთი შემთხვევა არ იყო და მამა მეუღლესა და ქალიშვილებზეც ხშირად ძალადობდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, მან თავის არასრუწლოვან ქალიშვილს სახის ძვლებიც დაუზიანა.   მეზობლები, აბჟანდაძეების ოჯახში ძალადობის ფაქტების გამო, საპატრულო პოლიციას ხშირად იძახებდნენ, თუმცა, სამართალდამცავები  მამაკაცს მხოლოდ ხელწერილს აწერინებდნენ.

49 წლის ფრიდონ აბჟანდაძე ახლა დაკავებულია. მას ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წაყენებული ბრალის მიხედვით მას ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.


ამავე თემაზე: სისტემის და საზოგადოების თვალწინ განვითარებული და დაუნახავი ტრაგედია
Print