ახალი ამბები
მასწავლებლობის მსურველებისთვის აპელაციის ვადა დღეს იწურება
FaceBook
მასწავლებლობის მსურველებს, ტესტირების შედეგების გასაჩივრებისთვის დრო 25 აგვისტოს 18:00 -მდე აქვთ. აპელაციის ვადა დღეს იწურება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლობის მსურველებმა სააპელაციო განაცხადი ვებგვერდზე: online.naec.ge ან www.naec.ge. უნდა შეავსონ. შედეგების გასაჩივრება ფასიანია და ის 50 ლარი ღირს.

ცენტრი განაცხადის შევსების ინსტრუქციასაც ავრცელებს:

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის მსურველმა ვებგვერდზე მოცემული ველების შევსებამდე  უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური - 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს მასწავლებლობის მსურველის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში - გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.ge. და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში ჩაწეროთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს "შესვლა"და იწყებთ იმ დავალებების მითითებას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალებაც).

ამ აღნიშვნების შესრულების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს "გაგზავნა". აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი ეკრანზე დაინახავს განაცხადისათვის მინიჭებულ ნომერს. გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

მასწავლებლობის მსურველებს შედეგების გასაჩივრებისთვის ხუთი დღე ჰქონდათ.
Print